ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის თქმით, ვაშინგტონმა მიიღო დაზვერვის ინფორმაცია, რომ ირანი, თავის მოკავშირე დაჯგუფებებს სთხოვს, თავს არ დაესხას შეერთებული შტატების პოზიციებს.
„ჩვენ ვიღებთ გარკვეულ დამაიმედებელ სადაზვერვო ინფორმაციას, რომ ირანი თავის მოკავშირე დაჯგუფებებს უგზავნის შეტყობინებას, არ იმოქმედონ ამერიკული სამიზნეების ან მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ქმედებები გაგრძელდება“,-განაცხადა პენსმა.
მედიის ცნობით, რამდენიმედღიანი საომარი რიტორიკის შემდეგ, აშშ-მა და ირანმა გარკვეული ნაბიჯები გადადგეს სიტუაციის დეესკალაციისკენ. ირანმა გუშინ დილით გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის საპასუხოდ, ერაყის კოალიციური ჯარების ბაზებზე სარაკეტო თავდასხმები განახორციელა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.