„მაგთიკომის“ და „სილქნეტის“ შემოსავალმა 674 მილიონს მიაღწია

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ 2018 წლის წლიური ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ბაზარზე მოქმედი ოპერატორების შემოსავლები კიდევ უფრო მეტადაა გაზრდილი. სამწუხაროდ, ანგარიშში მხოლოდ შემოსავლებზეა საუბარი და ჩვენ არ ვიცით, რეალურად, რამდენად მაღალი იყო კომპანიების მოგება, თუმცა არსებული ციფრებიც ცხადყოფს, რომ ბაზარზე არსებული ოლიგოპოლიური მდგომარეობა, მომხმარებლების ხარჯზე, კომპანიების გამდიდრებისკენ არის მიმართული

როგორც ცნობილია, სრული სატელეკომუნიკაციო ბაზრის 80%-ზე მეტი ორ კომპანიაზე – „მაგთიკომსა“ და „სილქნეტზეა“ გადანაწილებული და ისინი აკონტროლებენ მობილური ოპერატორების ბაზარს, ინტერნეტბაზარს და სატელევიზიო ბაზარს. მსგავს ფაქტს კი, მსოფლიოს ძალიან ცოტა ქვეყანაში თუ ნახავთ. გარდა ამისა, ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ მსოფლიოში, როგორც სატელეფონო, ასევე ინტერნეტბაზარზე ტარიფები მუდმივად მცირდება. კონკურენციის გარეშე დარჩენილმა „მაგთიკომმა“ და „სილქნეტმა“ კი, მას შემდეგ რაც ძალაუფლება ხელთ იგდეს, ტარიფების შემცირების ნაცვლად მის ზრდაზე დაიწყეს ზრუნვა.

ეს ფაქტი წლიურ ანგარიშშიც არის დაფიქსირებული და რომ არა მარეგულირებლის ჩარევა, სავარაუდოდ, მობილურ ინტერნეტზე ტარიფები 2018 წელსვე გაიზრდებოდა.

„მობილურ და ფიქსირებულ ქსელზე საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციისა და ტარიფების გაიაფების მიუხედავად, 2018 წელს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების მხრიდან, სხვადასხვა სატარიფო მომსახურებაზე ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და ფასების გაზრდის მცდელობას ჰქონდა ადგილი. თუმცა, კომისიის მყისიერი ჩარევის შედეგად, მათ მიერ დაანონსებული ცვლილებები არ განხორციელებულა. 2018 წლის დასაწყისში, კომპანია „მაგთიკომმა“ მობილური ინტერნეტის ტარიფის გაზრდა დააანონსა, თუმცა კომისიამ კომპანიის მხრიდან სუბსიდირების განზრახულობის მიზნით, კვლევა დაიწყო და „მაგთიკომს“ ტარიფის ცვლილების პროცესი შეაჩერებინა.

აგრეთვე, სწორი სატარიფო პოლიტიკის და მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილური კავშირის კონსოლიდირებული ტენდერში კომპანიების მიერ გაწეული მომსახურეობების შესწავლა დაიწყო. კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ „მაგთიკომი“ და „ჯეოსელი“ კონსოლიდირებული ტენდერის მომსახურეობის ფარგლებში სუბსიდირებას ეწეოდნენ. ორივე კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას“, – აღნიშნულია მარეგულირებელი კომისიის წლიურ ანგარიშში.

მობილურმა ოპერატორების შემოსავალმა 481 მლნ ლარი შეადგინა

კომისიის ანგარიშის მიხედვით, მობილური აბონენტების რაოდენობამ 2018 წლის ბოლოს 5.3 მლნ აბონენტი შეადგინა. ასევე, კორპორატიული აბონენტების რაოდენობამ მთლიანი აბონენტების 25% შეადგინა, რაც ჯამურად 1.333 მლნ აბონენტია. მობილური ოპერატორების საბაზრო წილი აბონენტების რაოდენობის მიხედვით, 2018 წლის ბოლოსთვის ასე განაწილდა: „მაგთიკომის“ საბაზრო წილი გაიზარდა და 40.3% შეადგინა, „სილქნეტი/ჯეოსელი“ – 35.8%, „ვიონი საქართველო“ – 23.9%.

2018 წელს, მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალმა 481 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2017 წელს მიღებულ საცალო შემოსავალზე 7.3%-ით – 32.7 მლნ ლარით მეტია. საცალო შემოსავლების თვალსაზრისით, „მაგთიკომის“ საბაზრო წილი 46.9%, „სილქნეტი/ჯეოსელის“ – 36.7%, ხოლო „ბილაინის“ წილმა 16.4% შეადგინა.

შესაბამისად გამოდის, რომ 2018 წელს „მაგთიკომმა“ 225.5 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, „ჯეოსელმა“/“სილქნეტი“ 176.5 მილიონი ლარი, ხოლო „ბილაინის“ შემოსავალმა 79 მილიონი შეადგინა. წლიურ ანგარიშში კარგად ჩანს, რომ 2011 წელს კომპანიების შემოსავლები მკვეთრად შემცირდა, ეს ყველაფერი კი „ბილაინის“ პოზიციების გამყარებასთან და ბაზარზე კონკურენციის გამძაფრებასთან იყო დაკავშირებული. თუმცა, მას შემდეგ რაც „მაგთიკომმა“ „კავკასუს ონლაინის“ საცალო ქსელი იყიდა, ხოლო „სილქნეტმა“ „ჯეოსელი“ შეიძინა და ბაზარზე ოლიგოპოლიური სიტუაცია შეიქმნა, კომპანიების შემოსავლებიც განუხრელად იზრდება.

მსოფლიოში მობილური ოპერატორების შემოსავალი მცირდება, საქართველოში კი მუდმივად იზრდება

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მობილური შემოსავლების ზრდის განაკვეთი 2017 და 2018 წლებში მშპ ზრდის განაკვეთს აღემატება, რაც არ არის გლობალურ ტენდენციასთან თანხვედრაში, სადაც 2016 წლიდან მობილური შემოსავალი, გლობალური მშპ ზრდის ფონზე, შემცირებისკენ მიდის, ხოლო საქართველოში – პირიქით. აღნიშნული ზრდა ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ მობილურ მომსახურებაზე აქციზის გადასახადი გაუქმდა, ხოლო ამის საპასუხოდ კომპანიებს ტარიფები არ შეუმცირებიათ