ვაპირებ ოფისიდან გასვლას – ნიკა მელია

ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობას, შაბათს პანაშვიდზეც უნდა მივიდე. ვაპირებ ოფისიდან გასვლას და ამას წინ ვერავინ დაუდგება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, არც გირაოს გადახდას და მითუმეტეს, არც ციხეში წასვლას არ აპირებს.

„თუ არ ვცდები 4 თებერვალს განვაცხადე, გირაოს გადახდაზე, რომელიც უკანონოდ და უსამართლოდ დამეკისრა, არ მეკუთვნის და არ გადავიხდი-მეთქი და დღეს 18 თებერვალია და მგონია, უნდა გაიგოს ხელისუფლებამ, რომ უსამართლობის შეგუებას არ ვაპირებ. შესაძლოა, მომაბეზრებლადაც კი ჟღერდეს ჩემი მხრიდან ერთი და იგივეს გამეორება. არც გირაოს გადახდას და მითუმეტეს, არც ციხეში წასვლას არ ვაპირებ.

ვმუშაობ, ვცხოვრობ, მანამდეც არაერთი ღამე გამითენებია ამ ოფისში, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ ნორმალურად იმუშაო. ვითარება არაა ორდინალური, რაღა დაგიმალოთ, ტყუილს რატო გაკადრებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ მივიღებ მონაწილეობას იმ აქტივობებში, რომელიც გაიმართება ოფისის მიღმა. არამარტო რუსთაველის დაგეგმილ აქციაზე, იქნება ეს გლდანში თუ თბილისის სხვადასხვა რაიონში. ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობას, შაბათს პანაშვიდზეც უნდა მივიდე. ოფისიდან გასვლას ვაპირებ და ამას ვერავინ დაუდგება წინ, ღარიბაშვილი თუ ფარცხალაძე, ვინც არ უნდა დაინიშნოს,” – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

“იმედინიუსი”