პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ

საქართველოს პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე დღეიდან იმსჯელებენ. უკვე დაიწყო 5 კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, რომელზეც დეპუტატების წინაშე კანდიდატთა ნაწილი წარდგება.

20 თებერვლის სხდომას საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების წევრები ესწრებიან. ისინი გარემოს დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე, ფინანსთა მინისტრებს მოუსმენენ.

დღესვე, 15:00 საათზე, დაიწყება მეორე სხდომა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მონაწილეობით. დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს მოუსმენენ.

კომიტეტების სხდომები 21 თებერვალსაც გაგრძელდება, ორშაბათს კი მინისტრობის კანდიდატები ჯერ ფრაქცია “ქართული ოცნების”, შემდეგ კი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ამავე დღეს გაიმართება პლენარული სხდომა, რომელზეც მთავრობის ახალ შემადგენლობას უყრიან კენჭს.

მიმდინარე კვირაში თანამდებობა დატოვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც მინისტრთა კაბინეტს 2019 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა. სწორედ ამის შემდეგ გახდა საჭირო მთავრობის ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბება.

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, რომელიც გახარიას მინისტრთა კაბინეტში თავდაცვის მინისტრი იყო. ღარიბაშვილმა 19 თებერვალს წარადგინა მინისტრობის კანდიდატების სია, ორი ახალი სახით: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იქნება ირაკლი ქარსელაძე, თავდაცვის მინისტრი კი – ჯუანშერ ბურჭულაძე.

 

“ნეტგაზეთი”