პროკურატურამ საერთაშორისო თაღლითობის საქმე გახსნა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო უკრაინის მოქალაქის წინააღმდეგ, რომელმაც ერთ–ერთი ჩეხური კომპანიიდან ფული მოიპარა და მის ლეგალიზებას საქართველოში შეეცადა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პროკურატურის მონაცემებით, უკრაინის მოქალაქემ 2019 წლის მაისში საქართველოში დააფუძნა თავისი კომპანია და გახსნა ანგარიში ქართულ ბანკში.

 

ამის შემდეგ, სექტემბერში მან თანამზრახველებთან ერთად გატეხა ჩეხური კომპანიის ფოსტა და მისი საქმიანობის შესწავლის შემდეგ კომპანიის ფინანსურ დირექტორს აღმასრულებელი დირექტორის სახელით ცრუ შეტყობინება გაუგზავნა თითქოსდა საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნით თანხის გადარიცხვის მოთხოვნით. ამგვარად მიიღო მან 18,2 ათასი ევრო.

ფულის მიღების წყაროს დამალვის მიზნით მიღებული თანხა, თითქოსდა ელექტრომაგნიტური ძრავის სათადარიგო ნაწილების შეძენის დანიშნულებით, ჰონგ–კონგში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშზე გადაირიცხა.

პროკურატურის მონაცემებით, უკრაინის მოქალაქემ 17,9 ათასი ევროს ლეგალიზება შეძლო.

კიბერთაღლითობის ახალი სქემა: საბანკო ასოციაცია მოსახლეობას აფრთხილებს>>

ახლა მას, დიდი ოდენობით თაღლითობისთვის, ასევე უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის 9–დან 12 წლამდე პატიმრობა ელოდება, ხოლო მის კომპანიას ფულის გათეთრების გზით შემოსავლების მიღებისთვის –ჯარიმა და დახურვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა უკრაინის მოქალაქის დაპატიმრების შესახებ. მისი თანამზრახველების ვინაობა დგინდება.

“სპუტნიკი”