შეზღუდვების დარღვევისთვის 24 საათში 462 ადამიანი დაჯარიმდა

შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პანდემიის თანმდევი რეგულაციების დარღვევის 462 ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევისთვის 94 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 368 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას 20-ლარიანი ჯარიმის სახით.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

 

“ნეტგაზეთი”