მერობის დროს მეც მქონდა სისუსტე, რომ კარვები ქალაქს ამახინჯებდა

მერობის დროს მეც მქონდა სისუსტე, რომ კარვები ქალაქს ამახინჯებდა, მერე მივხვდი, ქარის წისქვილებს ვებრძოდი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ პარლამენტის შენობასთან აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„მინდა, ქედი მოვიხარო ჩემი მეგობრების მიმართ, რომლებიც სამ თვეზე მეტია, ყოველდღიურად იბრძვიან, თან რისთვის იბრძვიან კარვისთვის, რომ კარავში ისხდნენ. რა არის კარავი, ცოდვა გამხელილი სჯობს, თავის დროზე, როცა მერი ვიყავი, ეგ სისუსტე მეც მქონდა. რაღაც მომენტში მეც მივხვდი, რომ უბრალოდ ქარის წისქვილებს ვებრძოდი. სისულელეა, ამახინჯებს ქალაქს, გასავლელი არ არის, ბიგ-ბენის გვერდზე დგას უამრავი ასეთი კარავი და არამგონია, იქ რამე მახინჯდებოდეს.

ამიტომ მე ჩვენს მეგობრებთან ერთად, ვაპირებ დავრჩე, რადგან თავდასხმის საფრთხე ამ უგუნურებისგან ძალიან დიდია. დაიწყება მორიგეობა და ყველ პოლიტიკური ლიდერი, შეძლებისდაგვარად ჩაერთვება ამ ფერხულში. იმედი მაქვს, ბევრი თქვენგანიც. დღეს კრიტიკული ღამეა, როგორც კი ხალხი შემცირდება, შეიძლება ღამე ტურებივით მოგვეპარონ და ფეხქვეშ გათელონ კონსტიტუცია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

თბილისში კანცელარიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტისკენ გადაინაცვლეს. მათ საკანონმდებლო ორგანოსთან კარავები გაშალეს და უშუალოდ პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს.

ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია-მსვლელობა 26 თებერვალს გაიმართება.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.

ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ ადამიანებს მიმართა, რომ მათი ადგილი პარლამენტს გარეთ არ იყო და ისინი პარლამენტის შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკა მელიას აღკვეთის სახით 30000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მაშინ პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი პირველად მოუხსნა და სასამართლოს განჩინება აღსრულდა. მან პირველ ჯერზე გადაიხადა 30000 ლარი, თუმცა მას შემდეგ რაც, 2020 წლის 1-ელ ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა ნიკა მელიას გირაოს სახით 100 000 ლარი შეფარდებოდა, თუმცა სასამართლომ 40 000 ლარი განუსაზღვრა, რომელიც მან არ გადაიხადა.

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მეორე დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

 

“იმედინიუსი”