კანონი ყველასათვის კანონია და მისი აღსრულება სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა

კანონი ყველასათვის კანონია და მისი აღსრულება სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა. თუ კანონის აღსრულებაზე უარს ვამბობთ, ამის პოლიტიკური ფასია სახელმწიფოს ჩამოშლა, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებდით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„დღეს სახელმწიფო არის ძლიერი და ის, რაც 100 წლის წინ მოხდა საქართველოში, დღეს ვერ განმეორდება.

100 წლის წინ საქართველოში იყო მეხუთე კოლონა ბოლშევიკების სახით, რომლებიც ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდნენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, და როდესაც წითელმა არმიამ გადმოლახა ქვეყნის საზღვარი, აქ ყველაფერი მათთვის გამზადებული იყო. აქ საუბარია არა ოპოზიციურ ლიდერზე, არამედ ადამიანზე, რომელმაც ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული. ასეთ დანაშაულს აშშ-ში შიდა ტერორიზმს უწოდებენ და ის პასუხის გარეშე არ უნდა დარჩეს. თუმცა ნიკა მელია ამით არ დაკმაყოფილდა და ცინიკურად თქვა უარი კანონის მორჩილებაზე გამოწვევა ესროლა სახელმწიფოს. ბუნებრივია, სახელმწიფო ვალდებული იყო აღესრულებინა კანონი“, – განაცხადა სუბარმა.

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.

ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ ადამიანებს მიმართა, რომ მათი ადგილი პარლამენტს გარეთ არ იყო და ისინი პარლამენტის შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკა მელიას აღკვეთის სახით 30000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მაშინ პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი პირველად მოუხსნა და სასამართლოს განჩინება აღსრულდა. მან პირველ ჯერზე გადაიხადა 30000 ლარი, თუმცა მას შემდეგ რაც, 2020 წლის 1-ელ ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა ნიკა მელიას გირაოს სახით 100 000 ლარი შეფარდებოდა, თუმცა სასამართლომ 40 000 ლარი განუსაზღვრა, რომელიც მან არ გადაიხადა.

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მეორე დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

 

“იმედინიუსი”