,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამის, კარდიოლოგ ანზორ მელიას თქმით, მისი შვილი პოლიტპატიმარია.
ანზორ მელია დარწმუნებულია, რომ ნიკა მელია სახლში მალე დაბრუნდება. მისივე თქმით, ყველაზე მეტად, მცირეწლოვანი შვილიშვილის მდგომარეობას განიცდის, რომელსაც მომხდარს ვერ უხსნის.
,,ერთ კვირაში ნიკა იქნება სახლში, მე დარწმუნებული ვარ. თუ ამ მთავრობას კიდევ შერჩენია საღი აზროვნება, თუ ამ მთავრობაში არიან ადამიანები, რომელსაც ქვეყნის ბედი გულთან ოდნავ მაინც მიაქვს, მათ მიერ მიტაცებული სასამართლოთი ნიკა უნდა გაამართლონ. ამის შანსი ამ სასამართლოს აქვს.
ერთადერთი, რასაც განვიცდი – სანდროს რა უნდა ვუთხრა, დღეებს ითვლის და მეუბნება, 6 დღეა, ნიკა სახლში არ მოსულაო და ეს როგორ შეიძლებაო. ჩვენ ამ თემაზე არ ვსაუბრობთ, ტელევიზორიც გამორთული გვაქვს, როცა სანდრო ჩვენთან არის, მაგრამ ამ ბავშვმა რაღაც იცის. ადრე ჩვენთან სულ რჩებოდა ხოლმე, ახლა დედასთან ყოფნას ითხოვს”. – განაცხადა ანზორ მელიამ ტელეკომპანია ,,ფორმულასთან”.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე პარტიის ოფისიდან სპეცრაზმმა გაიყვანა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოცხადებული განაჩენის შემდეგ ნიკა მელია პარტიის ოფისში იმყოფებოდა.