ძალიან მეცოდება მარო მაყაშვილი და პატივს ვცემ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერებს, თუმცა… მოკლედ, არის აქ “თუმცაც” და “მაგრამიც”.
ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოდან ვერ ვიტან ნაციონალისტურ ტინგიცობასა და მის მუდმივ თანამგზავრს – თანმდევ პირწავარდნილ დემაგოგიას.
ჯერ “ზვიადისტების”, შემდეგ ბანდიტების, დაბოლოს “ნაციონალების” ნაშენ-აღზევებული “სახელმწიფო”, სამწუხაროდ, გამოცხადებული მასხარაობის ქრონიკად გადაგვექცა. არ ყოფილა იოლი ფანატიკოსები, დიქტატორების, ოლიგარქებისა და ბანკირების მონობაში აღზევებული “ეროვნული ლიბერალები”, პირწავარდნილი ნაცები, მძარცველები და ფაშისტები ჭეშმარიტ “პატრიოტებად” შეუსაღო ერს.
სხვათაშორის, ის მარო მაყაშვილიც და ის იუნკერებიც საქართველოს მაშინდელი მთავრობისა და პარლამენტის იმ წევრებმა გაწირეს, რომლებიც ზუსტად იმ დღეებში (2008 წლის შფოთიანი აგვისტოს წითელი ხიდის “გმირული” ამბები გაგვახსენდება უთუოდ) ბათუმის ნავსადგურში ჩამომდგარი იტალიური გემისკენ ასწრებდნენ მატარებლებითა და ცხენებით ერთმანეთს. ახლა, ექვთიმე თაყაიშვილისთანა უწესიერეს პიროვნებებსა და კიდევ ვალოდია გოგუაძის მსგავს რამდენიმე იდეურ ტერორისტს, ცხადია, არ ვგულისხმობ, მაგრამ მაშინდელი “ქართული პოლიტიკუმის” ზოგადი სახე სწორედ ასეთი გახლდათ. არადა, დღევანდელს იმასაც კი ვერ შევადარებთ – იქ, ასე თუ ისე, პიროვნებები იყვნენ.
1921 წლის 25 თებერვალი – ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში.
P.S. უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში ქართველი ხალხი ყველაზე დაცულად და ღირსეულად გრძნობდა თავს სოციალისტურ საქართველოში, ანუ გასული საუკუნის 50-80-იან წლებში – მიუხედავად ყველა პრობლემისა თუ დანაკარგისა. დიახ, მონაგარი გაცილებით მეტი იყო – მარტო ერის რაოდენობრივი ზრდა და უკიდურესი სიღარიბის დამარცხება რად ღირს! მაშინდელი ქართველის სახე, როგორც წესი, ქურდთან, მატყუარასთან და ავაზაკთან კი არ ასოცირდებოდა, არამედ კეთილშობილ რაინდთთან, ერთგულ მეგობართან, გონებაგახსნილ მწიგნობართან და ადამიანურ სითბოსთან… და ამას ჩვენი ერის კოლექტიური მეხსიერებიდან ვერავინ ამოშლის!
როგორც წესი, მეთქი! თორემ ნაძირლებისა და გარეწრების დეფიციტს არც მაშინ განვიცდიდით. ნუ, ეგ ყველა ერსა და ქვეყანაზე ითქმის.
გ.ლ.
გოგი ლორთქიფანიძე