გსურთ მთავრობაში, პროკურატურაში, სასამართლოში, თავდაცვაში, სპეცსამსახურებში – ერთი სიტყვით, ხელისუფლებაში – გყავდეთ არა კორუფციონერები და რაღაც აფერისტული სქემებით გამდიდრებული ადამიანები, არამედ პატიოსანი და მართლა ხელფასით მაცხოვრებელი, უბიზნესო მოხელეები – როგორც კონსტიტუციაში გვიწერია?
მაშინ, კეთილ ინებეთ, და მხარი დაუჭირეთ საზოგადოებრივი წყობის ძირეულად შეცვლას. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კრიტიკას – იმას სამი ჯიპი რატომ ყავს, ამას თორმეტი ბინა, იმას ბანკი, ამას ოცდაოთხი პრემია წელიწადში, ხოლო მთლა იმას ბანკის გარდა კიდევ ვილა მალდივებზე – საფუძველი ეცლება.
ამ მხრივ, თუ მიმდინარე ხელისუფლება დღევანდელი კორუფციაა, ხვალინდელი და ოპოზიციური – ხვალინდელი კორუფცია იქნება. ეს ორჯერ ორი ოთხია, წყალი არ გაუვა. არაერთხელ ვიხილეთ უკვე ამ “ცვალებადობის” ფასი. საქმე საქმეზე რომ მიდგება ქვეყანაზე არავინ ფიქრობს, ნდობის საკითხში კი პრაქტიკულად ყველა ჩაჭრილია, რადგან ყველაზე კომპრომატი არსებობს (იმ იშვიათ “კრისტალებს” ვისზეც არ არსებობს, წინასწარ ბოდიშს ვუხდი). ვერანაირი ახალი არჩევნები ამ პარადიგმას საქართველოში ვერ ცვლის. იგი წავა და სხვა მოვა… აგერ უკვე ოცდაათი წელია პრაქტიკულად ერთი და იგივე ათას პარტიაზე გადამხტარ და ფრიად შეძლებულ ხალხს მიყავს აქ “სტოსი” და მუდმივად ერთ წრეზე ვტრიალებთ. მეორე წრეზე გასვლის შანსებს კი – გთხოვთ მაპატიოთ ჩემი უმეცრება – მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ. პლუს კოვიდი – ყველა უბედურებასთან ერთად.
სხვა – არამატერიალური – განსხვავებები “ქოცებსა” და “ნაცებს” შორის მართლაც თვალსაჩინოა: კერძოდ, ნაცები აგრესიული, სისხლიანი და პირწავარდნილი დემაგოგები არიან, ხოლო ქოცები “პუტინ ხუილოს” მაინც არ გაყვირიან ქუჩაში. მაგრამ ფესვი მათი ერთია: ქვეყნის განადგურებაში თანამონაწილეობა და მისი ეკონომიკური აქტივების მითვისება სხვადასხვა ხელისუფლებებში ყოფნის პერიოდში. ესაა და ეს. ამიტომ ნურც ის ყბადაღებული “კოჰაბიტაცია” გაგიკვირდებათ. დასავლეთის ზეწოლა ზეწოლად, მაგრამ მთავარი მანდ გამარჯვებულთა და დამარცხებულთა შინაგანი მზაობა იყო.
ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ დღეს ქვეყანას ნორმალური პირველი პირი – ე.წ. “პატრონი” არა ყავს. არადა ჩვენი მენტალობის მქონე ერს ეს ჯერჯერობით სჭირდება. ხოლო რითი შეიძლება დამთავრეს ეს “უპატრონობა” ჩვენი სამოქალაქო გამოცდილების მქონე ხალხისთვის – ეგ ძნელი გამოსაცნობი თითქოს არ უნდა იყოს.
პატივისცემით, გ.ლ.
მწერალი გოგი ლორთქიფანიძე