ისტორიული დღე! – ივერიაში მიკლუხო-მაკლაი ჩამობრძანდა!

ისტორიული დღე!
გუშინ საქართველოს მართლაც ისტორიული დღე გაუთენდა! მრავალსაუკუნოვანი კულტურისა და გმირული ისტორიის ივერიაში მიკლუხო-მაკლაი ჩამობრძანდა! დიდმა მესაჭემ – იქნებ… ერთმანეთის ჭამას თავი დაანებოთო…

აი, ფანჯარაც გაიხსნაო! – იხუვლა ერმა… თუმცა, რა ფანჯარა?.. არავინ იცოდა, მაგრამ მთავარია, ხომ გაიხსნა დაა…
ტრიუმფალური სიხარულით აღსავსე დღე დასრულდა, დიდად პატივცემულმა ბატონმა მიკლუხომ დაგვტოვა და ფანჯარაც დაიხურა…
მოზეიმე იდიოტიზმის ქვეყანამ (მიქ-არიამ) კი დილით გაიღვიძა და კვლავ კანიბალიზმს მიჰყო ხელი.
გულანთებულ პატრიოტებს ერთმანეთის სიძულვილისგან კბილები უკაწკაწებდა. არც კი გაიფიქროთ, თითქოს ძალაუფლებისთვის იბრძოდნენო – არამც და არამც! მთავარი სიყვარული იყო! ერთნი – ენას, მამამულსა და სარწმუნოებას ვერ თმობდნენ და უკანასკნელი ძალების მოხმობით ებღაუჭებოდნენ, მეორენი კი – სამშობლოს სიყვარულისგან გაშმაგებული, წინ მიიწევდნენ და იმავე ეროვნულ საუნჯეს ხელიდან გლეჯდნენ… ყველა ერთად, შეერთებული ძალ-ღონით, ამდენი გულში ჩაკვრისგან გაგუდულ და გალურჯებულ მიქარიას ხორცის ნაფლეთებად აქცევდა…
ვის ეცალა ეპიდემიისთვის, აცრისთვის?! არავის… ერი უკიდეგანო სიყვარულის ბურანში იყო გახვეული…
რამხელა ბედნიერებაა, რაოდენ დიდი სიხარულია, რომ თანამემამულეს ,,ქოცსა“ ან ,,ნაცს“ დაარქმევ და უპირატესობის გრძნობით დატკბები!.. თან არა მხოლოდ მორალური, არამედ უფრო ინტელექტუალური… არის კი დედამიწის ზურგზე იმაზე დიდი სიამოვნება – ადამიანს, მოღალატე და, იმავდოულად, დებილიც უწოდო?! ალბათ, არა!
დამოუკიდებლობის მოპოვებითა და პატრიოტიზმით გარდარეულ მიქარიელებს უფალმა ენები ისე აურივნა, რომ ერთმანეთისა არა ესმოდათ რა…
კოცონი გიზგიზებდა, გარშემო შემოკრებილნი ყიჟინას სცემდნენ და ჭამდნენ და ჭამდნენ ერთმანეთს…
ობობები სიბნელეში, ქსელის მეშვეობით გზას იკვლევდნენ და უმისამართოდ სადღაც მიცოცავდნენ…
ყველა მიკლუხო-მაკლაის ევროპაზე ოცნებობდა…
ყველა საზიზღარ რუსეთს გმობდა…
არავის სურდა საბჭოეთში დაბრუნება…
ყველა ერთად უფსკრულისკენ მიექანებოდა…
ჰყვებოდნენ, რომ უფსკრულამდე მისულებიც და შემდეგ გადაცვენილებიც მუდმივი ვარდნის პროცესში იყვნენ და ფსკერს ვერ აღწევდენ. მათი ვარდნა არ წყდებოდა და გულები ფრიალისგან უსკდებოდათ. სიკვდილის მიუხედავად, მიქარიელები შავ უსასრულობაში მიექანებოდნენ…
ზ.ო. – 2021, მარტი

ზურა ოდილავაძე