ესპანეთის წყლებში დაკავებულ გემზე, სადაც 3 000 ტონა კოკაინი აღმოჩნდა, 4 ქართველი იყო

“კურიერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ესპანეთის წყლებში დაკავებულ გემზე, რომელსაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკები გადაჰქონდა, ქართველებიც იყვნენ.

ეკიპაჟის 9 წევრიდან 4 ქართველია. საუბარია 3 000 ტონა კოკაინზე, რომლის ღირებულებაც ბაზარზე 150 მილიონ ევროს აღწევს.

„22 თებერვალს შემოვიდა პირველად ზარი, რომ გემი იძირებოდა. გემზე მყოფი 9 ადამიანიდან 4 ჩვენი ქართველი ბიჭია. დედები არიან გამწარებულები, არაფერი იციან. 23 თებერვალს ბიჭები გემიდან ჩამოიყვანეს და გემი ჩაიძირა. ისინი დაკავებულები არიან, ესპანეთის პოლიციას ჰყავს წაყვანილი. არავინ ვიცით, რა მდგომარეობაში არიან“ – ამბობს დაკავებულის ერთ-ერთი ახლობელი.

დაკავებული ქართველების შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებენ. ამბობენ, რომ საკონსულო კონტაქტზეა.

ჯერ ოფიციალურად არ არის ცნობილი, იცოდნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეებმა, რა ტვირთი გადაჰქონდათ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი გემით. თუმცა, მათ მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ ეკიპაჟის წევრებმა ტანკერი საკუთარი ხელთ ჩაძირეს.

წყარო: ptn.ge