დანიის გაზეთ “ჯილანდ პოსტენ”-ში («Jyllands-Posten») გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: “პუტინმა და ერდოღანმა ევროპის დავიწყებული კუთხე – კავკასია – გაიყვეს”.
დღევანდელი სიტუაცია ძალიან ჰგავს ასი წლის წინ – 1921 წელს არსებულ ვითარებას: სამხრეთ კავკასია ამჟამადაც რუსეთსა და თურქეთს შორის გავლენის სფეროებად გადანაწილების წინაშეა – რეგიონში დასავლეთის გავლენა მცირდება.
სომხეთთან დაწყებულ ომში გაიმარჯვა აზერბაიჯანმა, რომელსაც თურქეთი ეხმარებოდა. თურქეთმა მიიღო – სამხედრო ბაზა აზერბაიჯანში და სატრანსპორტო კომუნიკაციების (დერეფნის) უფლება ბაქოსაკენ, სომხეთზე ტრანზიტით.
რუსეთმა კი თავისი ჯარები ყარაბაღში განალაგა.
რუსეთმა და თურქეთმა ფაქტიურად 1921 წლის პოზიციები აღიდგინეს – პუტინი და ერდოღანი სამხრეთ კავკასიაში დაბრუნდნენ, დასავლეთი კი წავიდა.
სამხედრო ბაზებით სომხეთში (გიუმრის სამხედრო ბაზა), აზერბაიჯანში (ყარაბაღის სამშვიდობო ძალები), უკრაინაში (ყირიმი და დონბასში), საქართველოში (აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთში”) ვლადიმირ პუტინი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს აჩვენებს, რომ მათი მიზნები დასავლეთთან გაერთიანებაზე მხოლოდ ოცნებად რჩება. ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანს და მის მოკავშირეს – თურქეთს მთიანი ყარაბაღის გაკონტროლების ნება მისცა იმ მიზნით, რომ რეჯებ ერდოღანს კიდევ უფრო დაუახლოვდეს და იგი ნატოს ძირის გამოსათხრელად გამოიყენოს.
თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი აზერბაიჯანში, სირიაში და ლიბიაში მოქმედებით აჩვენებს, რომ იგი მუსლიმანური სამყაროს ძლიერი ლიდერია.
რეჯეფ ერდოღანი ოსმალეთის იმპერიის ყოფილ დიდებაზე ოცნებობს, პუტინი კი – დიდი რუსეთის იმპერიის ძლიერების აღდგენაზე, – ნათქვამია სტატიაში.