სკანდალური თათბირის ექსკლუზიური დეტალები, რომლის შემდეგაც გახარია გადადგა!

ბევრად საინტერესოა, თუ როგორ და რატომ წავიდა პრემიერმინისტრის პოსტიდან გიორგი გახარია. ამ ნაბიჯს არ ელოდა არავინ და რაც მთავარია, ამისთვის ერთი შეხედვით მზად არ იყო გუნდი. ყველაფერი მოულოდნელად დაიწყო და ელვის უსწრაფესად განვითარდა. ახლა მოგიყვებით იმ სკანდალური თათბირის დეტალებს, რომლის შემდეგაც, გახარია წავიდა:

„იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მომხდარიყო მელიას დაპატიმრება, ლიდერები შეიკრიბნენ. პარტიის ოფისში მისვლა დააგვიანა გახარიამ და დანარჩენები მანამდე ერთმანეთში განიხილავდნენ ვარიანტებს, თუ როგორ და რა უნდა მომხდარიყო. ძალისმიერი მეთოდი როცა ახსენეს, ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ მას ჰქონდა ამ თემაზე საუბარი პრემიერთან და გახარია კატეგორიული წინააღმდეგი იყო დარბევისა და მორიგი ძალადობის. გომელაურს კობახიძემ უპასუხა, ეგ შენი პრემიერი ჯიბეში მყავს და ნახავ, როგორ დაგვთანხმდებაო. ამ დროს, სწორედ ისე, როგორც ფილმებში ხდება ხოლმე, შევიდა ოთახში გახარია და კობახიძის სიტყვები გაიგონა. მან კობახიძეს უთხრა, ვის ეძახი ჯიბის პრემიერსო და შეაგინა. არც გახარიას გინებას ელოდა ვინმე და არც იმას, რომ გინების შემდეგ ის კობაიძეზე დასარტყმელად გაიწევდა. მუშტი-კრივმდე საქმე სხვებმა არ მიიყვანეს, შუაში ჩაუდგნენ პრემიერსა და პარტიის თავმჯდომარეს. ამის შემდეგ გახარიას პრაქტიკულად არ უსაუბრია, ის კობახიძეს უყვიროდა, უშვერი სიტყვებით ლანძღავდა, ლაწირაკ ბავშვს ეძახდა და სხდომაც დატოვა. არანაირი განხილვა მისი თანდასწრებით და რაიმე სცენარის შეთანხმება არ მომხდარა. ის სხდომიდან უბრალოდ წავიდა“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.

ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან ჯერ ღარიბაშვილმა დარეკა, შემდეგ – გომელაურმა. როგორც გვიყვებიან, ღარიბაშვილის ზარს ივანიშვილმა არ უპასუხა, გომელაურს – კი. არავინ იცის, რა უთხრა გომელაურმა ივანიშვილს, რადგან სასაუბროდ გვერდით გავიდა და საკმაოდ ჩუმად საუბრობდა. როგორც შემდეგ ითქვა, ბატონმა ბიძინამ შს მინისტრს უთხრა, რომ გახარიას დაურეკავდა, მაგრამ არავინ იცის, განხორციელდა თუ არა ეს ზარი გახარიასთან. შემდეგ კი მოხდა ის, რაც მოხდა – გახარიამ მეორე დღეს გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება და ერთადერთი, ვისაც ამ განცხადებამდე შეხვდა… მაია ცქიტიშვილი იყო. შესაბამისად, მინისტრთა კაბინეტის წევრთაგან, გახარიას გადადგომის შესახებ დაზუსტებით მხოლოდ ცქიტიშვილმა იცოდა. წყარო გვიდასტურებს იმასაც, რომ გახარიას გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, ცქიტიშვილი ივანიშვილთან იმყოფებოდა.

„გახარიას წასვლის შემდეგ, პრემიერობის ერთადერთი კანდიდატი იყო და ეს ირაკლი კობახიძე გახლდათ. გუნდი სწორედ იმიტომ შეიკრიბა, რომ პრემიერად ის უნდა დაესახელებინათ, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა ცქიტიშვილმა თქვა. მან არაერთმნიშვნელოვნად მიანიშნა, რომ კობახიძის გაპრემიერებას ივანიშვილი არ მიესალმება და ირაკლი ვერ შეძლებს ერთდროულად პარტიის გაძღოლასაც და პრემიერობასაც. რეალურად, ეს არ იყო მინიშნება, ეს იყო ბრძანება, რომელიც უნდა შესრულებულიყო. რატომღაც ყველას ეგონა, რომ ამის შემდეგ ცქიტიშვილი პრემიერად საკუთარ თავს დაასახელებდა, მაგრამ მან მშვიდად თქვა ივანიშვილის მორიგი დანაბარები, ჯერჯერობით ქალი პრემიერის დრო არ დამდგარაო, რითაც როგორც საკუთარი თავი, ისე თეა წულუკიანის შესაძლო გაპრემიერება გამორიცხა. წულუკიანს პოლიტსაბჭოში რამდენიმე ადამიანი ღიად უჭერდა მხარს. შედეგად, გუნდი შეთანხმდა ღარიბაშვილზე და ესეც მაია ცქიტიშვილის „მოსაზრება“ იყო, რასაც დანარჩენები უსიტყვოდ დაეთანხმნენ. უფრო მეტიც, კობახიძეზე როცა მიდგა ჯერი, მან ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა, „ჩემთვის სულ ერთია“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.

უახლოეს მომავალში მმართველი გუნდი ასპარეზზე ახალი პარტიის გამოჩენას ელოდება. იმ პარტიისას, რომლის თავმჯდომარეც სწორედ გიორგი გახარია იქნება. „ოცნების“ კულუარებში უკვე დაუფარავად საუბრობენ იმაზე, რომ გახარიას პოლიტიკიდან წასვლა არ სურს და ამის სურვილი რომ ჰქონოდა, წავიდოდა მაშინ, როცა ამის საუკეთესო დრო იყო – 20 ივნისის ღამის შემდეგ, აიღებდა პასუხისმგებლობას და გადადგებოდა. მაგრამ არა, ის დარჩა და დარჩა სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკაში ყოფნა სურს. მმართველ გუნდში იმასაც ხშირად ამბობენ, თუ როგორ თქვა ივანიშვილმა წასვლის შემდეგ, მომავალში „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში ვხედავო და თითქმის დარწმუნებულნი არიან, რომ „მომავალში“ „ოცნება“ სწორედ გახარიას პარტიის ოპოზიცია იქნება.

ანი დვალიშვილი, ალია