ხაშურის მერიაში “ტყიდან ხმები” ესმით

ოსური მხარე ჩორჩანას სიახლოვეს, ტყეში, სამუშაოებს აგრძელებს . ინფორმაცია Qartli.ge-ს ხაშურის მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა. ვაჟა ლომიძე აცხადებს, რომ სამუშაოები აგვისტოდან მოყოლებული მიმდინარეობს, თუმცა რას აკეთებენ, ლომიძემ არ იცის.

„ტყიდან ხმები ისმის, მათ შორის, მძიმე ტექნიკაც მუშაობს, რას აკეთებენ არ ვიცი, ჩვენი სოფლიდან არ ჩანს. აგვისტოს დასაწყისში რომ გამოჩნდნენ, მას შემდეგ არ გაჩერებულან. ერთი საგუშაგო გაკეთებულია, ასევე რამდენიმე ადგილია მონიშნული, სადაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშებია აღმართული“- აცხადებს ვაჟა ლომიძე.

ჩორჩანას ტყეში ოსი და რუსი მესაზღვრეები 2019 წლის დასაწყისში გამოჩნდნენ, მათ ხეები ყვითელი საღებავებით შეღებეს.

რამდენიმე თვეში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტყეში გზა გაიყვანეს და საგუშაგო დადგეს. ამ ყველაფერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების პროტესტი მოჰყვა, ისინი საგუშაგოს დემონტაჟს ითხოვდნენ, თუმცა ცენტრალური ხელისუფლება ოკუპანტების მოთხოვნას არ დათანხმდა.

ოსურმა მხარემ, ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები შეაჩერა, ამის სანაცვლოდ სოფელ ერგნეთში მხოლოდ ტექნიკური შეხვედრები ჩატარდა, თუმცა მხარეები საგუშაგოების დემონტაჟზე ვერ შეთანხმდნენ.