აფეთქება ესპანეთის ქიმიურ ქარხანაში მსხვერპლით დასრულდა

აფეთქება ესპანეთის ქიმიურ ქარხანაში – შემთხვევა კატალონიაში ტარაგონას პროვინციაში მოხდა. აფეთქებას შენობის ჩამონგრევა მოჰყვა, რა დროსაც დროს დაიღუპა ერთი და დაშავდა 8 ადამიანი.

ადგილზე ათობით სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. ამ დროისთვის ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ცეცხლი ლოკალიზებულია. ინციდენტთან დაკავშირებით ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი კატალონიის მთავრობის წარმომადგენლებს უკვე ესაუბრა და მათ დახმარებას დაპირდა. მომხდარის გამო გზის რამდენიმე მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერში მომწამვლელი ნივთიერებები არ შეინიშნება, თუმცა ქარხანასთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას სახლში დარჩენისა და ფანჯრების დახურვისაკენ მოუწოდებენ. აფეთქების გამომწვევი მიზეზი უცნობია.