ნარმანია სავარძელს მოერგო

დავით ნარმანია (მეტსახელად “ნანა”), რომელმაც ჯერ დედაქალაქის მერის თანამდებობა შეიფერა, ახლა კი ფულიან ადგილზე – ე. წ. სემეკის (ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის) თავმჯდომარის პოსტზე უზარმაზარ ხელფასს იღებს, გაზის ტარიფების ზრდის თავიდან ასაცილებლად, ახალი აბონენტებისთვის გადასახადის გაორმაგების გარდა, სხვა გზას ვერ ხედავს.

„იანვრიდან შეიცვალა ბუნებრივი აირის ახალი აბონენტების მიერთების საფასური და 400 ლარის ნაცვლად 800 ლარი გახდა. ეს ეხება მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებს, როგორიცაა თბილისი, ქუთაისი, ფოთი , რუსთავი და ბათუმი. ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მივიღეთ, რომ რეალურად კომპანიებს ახალი აბონენტების დაერთება 400 ლარზე მეტი უჯდებოდათ და შესაბამისად, სხვაობა უნდა დაფარულიყო ტარიფიდან. მოქმედ აბონენტებს, რომ არ გაზრდოდათ ტვირთი, ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, – აცხადებს ნარმანია.

ამასთან, ნარმანია არ აზუსტებს, თუ კერძოდ, 400 ლარზე რამდენით თუ რამდენჯერ მეტი უჯდებათ კომპანიებს აბონენტების “დაერთება”. შესაბამისად, ნარმანიასვე საიდუმლოდ რჩება გადასახადის გაორმაგების მიზეზი.