ბიძინა მიშასგან იდეოლოგიურად არაფრით განსხვავდება…ეს 800 მილიონი, რის ჩადებასაც აპირებენ, მთლიანად უკან წავა თურქეთში – ზვიად ტომარაძე

„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ზვიად ტომარაძე.

-თქვენ კარგა ხანია აპროტესტებთ ნამახვანჰესის აშენებას, მანამდეც, სანამ ხელშეკრულების პირობები გასაჯაროვდებოდა. რა კითხვის ნიშნები გქონდათ, ხელშეკრულების პირობების გაგებამდე?

-სანამ ამ ხელშეკრულების შესახებ გახდებოდა ჩვენთვის ცნობილი, ეკოლოგიური, სარგებლიანობის, გარემოს დაცვითი და ნებართის საკითხები იდგა დღის წესრიგში. დავიწყოთ იმით, რომ როდესაც საუბარია ენერგოდამოუკიდებლობაზე, დამოუკიდებელი ნეტა ყველაფერში ისე ვიყოთ, როგორც ელექტროენერგიის საკითხში ვართ. მოხმარებული ენექტროენერგიის მინიმუმ 85 პროცენტს თავად გამოვიმუშავებთ. ქვეყანას კიტრი და პომიდორი იორდანიიდან, თურქეთიდან და ირანიდან შემოგვაქვს. პროდუქტის 85 პროცენტი, რაღა მაინცდამაინც ენერგო დარგის სრულად დამოუკიდებლობიდან დავიწყეთ, სადაც ისედაც ყველაზე მეტი დამოუკიდებლობა გვაქვს? – ეს კითხვა ლოგიკურად დაისვა. ეკოლოგიის დაცვითი ორგანიზაციები საუბრობენ იმაზე, რომ ნებართები არ იყო გაცემული სწორად, არ იყო ჩატარებული საჭირო კვლევები. ის ნებართვები და კვლევები, რაც კომპანიას და სამინისტროს ჰქონდა წარმოდგენილი, ჩაატარა და გასცა ერთი და იგივე კომპანიამ და ჩნდებოდა ეჭვი, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ წერდა ზერელე დასკვნებს, ან მათივე კომპანია იყო, იმიტომ რომ დარიალ ჰესთან, რომელსაც პრობლემა შეექმნა, სწორედ ეს კომპანია ფიგურირებდა. ეს კომპანია ფიგურირებდა, სვანეთში აშენებულ ჰესთანაც, რომელიც ღვარცოფმა სრულად დაფარა. იქ, სადაც ახლა აპირებენ ნამახვანჰესის აშენებას, არის მეწყერსაშიში ზონა, სოფლამდე სანამ მიხვალთ, ბოლო 10-12 კილომეტრზე მინიმუ 8 ადგილი შეგხვდებათ, სადაც ტრაფარეტია, რომ ეს არის მეწყერსაშიში ზონა და თუნდაც მხოლოდ ამის გამო, აქ ჰესის აშენება დიდ ეჭვს ბადებს. საუბარი იყო კლიმატის შეცვლის საკითხებზე, ლეჩხუმში არის ვაზის უნიკალური ჯიშები, რომლებსაც სჭირდებათ სწორედ არსებული კლიმატი. დიდი რაოდენობით ხე-ტყე უნდა მოიჭრას – ეკოლოგიური საკითხებიც დგას და ა. შ. თურქულ კომპანიასთან დაკავშირებითაც იყო კითხვის ნიშნები, ამ კომპანიამ, “ენკამ“ ააშენა აჭარაში ჰესი, რომელიც აშენებიდან რამოდენიმე დღეში 7 ადგილას ჩამოინგრა. თუმცა, ყველა ეს საკითხი გადაფარა ხელშეკრულებამ – 32 კილომეტრზე მდინარე რიონი 99 წელი თურქული კომპანიის  საკუთრება უნდა იყოს. იმდენად კაბალური ხელშეკრულებაა, რომ გამიჭირდება ანალოგის მოტანა. როდესაც გერმანიამ წააგო მეორე მსოფლიო ომი, ალბათ, იმასაც არ მოუწერია ასეთ კაბალურ პირობებზე ხელი. იძახიან, რომ 800 მილიონიანი ინვესტიციაა, ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია არ იღებს ვალდებულებას საქართველოს მოქალაქეები დაასაქმოს და კვალიფიკაციას იმიზეზებს…

-ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში, უკვე მტკიცებით ფორმაში წერია, კი, ვერ დაასაქმებს ადგილობრივებს კომპანია, რადგან კვალიფიციური კადრი ვერ ნახა ქვეყანაშიო…

-კი, მაგას ვამბობ. ჩვენ არ ვართ მწარმოებელი სახელმწიფო, საუბედუროდ, ყველაფერი გარედან შემოგვაქვს და თურქეთი არის ჩვენი ყველაზე მსხვილი პარტნიორი ამ მხრივ. საშენ მასალას თურქეთიდან შემოიტანენ, მუშა-ხელს შემოიყვანენ და სად წავა ეს ფული? ეს ინვესტიცია, სად წავა? ეს 800 მილიონი, რის ჩადებასაც აპირებენ, მთლიანად უკან წავა თურქეთში.

-გვეუბნებიან, რომ 30 მილიონი შევა ბიუჯეტში, ერთი ოჯახისთვის კარგია 30 მილიონი, მაგრამ ბიუჯეტისთვის რა არის 30 მილიონი, ბატონო ზვიად?

-რა თქმა უნდა, არაფერია და გაცილებით მეტი შეუძლია ჩვენ ქვეყანას. ჩვენ ისეთი რესურსი გვაქვს, მდიდარი სახელმწიფო უნდა ვიყოთ. გვაქვს ყველანაირი პირობა, რომ ვიყოთ შეძლებულნი. ამის საშუალებას გვაძლევს გეოგრაფიული მდებარეობა, მიწა, კლიმატი და წიაღისეული, მაგრამ სამწუხაროდ, ქვეყანას არ ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც იზრუნებდა ამ ყველაფერზე. პირიქით, ბიძინა ივანიშილმა 8 წლის თავზე გამოგვიცხადა, აქ არაფერი გეშველებათ და ხელს შეგიწყობთ უცხოეთში დასაქმებაშიო და იმდენად შეაჭირვეს მოსახლეობა, რომ აგერ გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე 100 ათასამდე ადამიანი დარეგისტრირდა. წარმოგიდგენიათ რას ნიშნავს? ეს არის სრული კატასტროფა.

-კარგად მახსოვს ივანიშვილის ეს განცხადება, მაშინ თქვა, კვალიფიციური კადრები სჭირდება გერმანიას, პროფესიის მიხედვით დასაქმდებითო, ახლა გვეუბნებიან, ქვეყანაში კვალიფიციური კადრი არ გვყავს და გერმანიაშიც მუშად იმუშავებთო…

-ივანიშვილმა ძალიან კარგად იცოდა, რომ გერმანიას არ სჭირდება საქართველოდან კვალიფიციური კადრების ჩაყვანა, საკმაოდ ჰყავს ადგილზე ასეთი ხალხი. გერმანია იქნება, თუ სხვა განვითარებული ქვეყანა, განვითარებადი ქვეყნიდან კვალიფიციურ კადრებს არ წაიყვანს, წაიყვანს სწორედ ასე, სეზონურ სამუშაოზე მუშად და ესეც იყო ჩაფიქრებული.

-მე ვნახე ეკონომიკის სამინისტროს პასუხი, რომელიც ახლა გაგცათ იმ ხალხს, ვინც ამდენი ხანია ნამახვანჰესის აშენებას აპროტესტებთ. 2019 წლის 25 აპრილს დაიდო ხელშეკრულება და სანამ დიდი აქცია არ დაინახა, სანამ თავები არ დაითვალა, პასუხის გაცემის ღირსად არავინ ჩააგდო. ამაზრზენია ფაქტია, თუმცა, ახლაც კი, მისი პასუხი არის ასეთი, მე კი მივეცი მიწა, მაგრამ ასე იყო საჭიროო, აწი კიდევ თუ დაჭირდება მიწა, კიდევ უნდა მივცეო, მაგრამ კომპანია ამ მიწას მარტო მაშინ მომთხოვს, თუ გონივრული საჭიროება ექნება ამისიო… მუშა-ხელიო, კი ბატონო, ქართველებს არ ამუშავებენ, რა ვქნათ, კვალიფიციური კადრები არა გვყავსო, რაც შეეხება  ელექტროენერგიის ფასსო, სხვა ხელშეკრულებებშიც ასეა, რა გგონიათო. სხვა ხელშეკრულებაც არ ვარგა ესე იგი, ეს გავიგე მაგათი პასუხიდან. 15 წლის მერე, რომ საერთოდ უფლება აქვთ არ მოგვყიდონ ელექტროენერგია, ეგ ერთია, მაგრამ ამ 15 წლის ფარგელბშიც, ჩვენ კი ვიყიდით მისგან ელეტქროენერგიას ძვირად, მაგრამ თქვენ იაფად მოგყიდით, სემეკი ამას დაარეგულირებსო.

-კონსტიტუციით, სასოფლო სამეურნეო მიწის გაყიდვა უცხოელებზე აიკრძალა, ხოლო ამ ხელშეკრულებაში პირდაპირ წერია, თუ კომპანია მოითხოვს დამატებით მიწებს, 75 დღის მანძილზე, სახელმწიფო ვალდებულია გადაიყვანოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არასასოფლო-სამეურნეოდ და მისცეს კომპანიას. ყველა ხელშეკრულებაზე მაღლა დგას კონსტიტუცია, შესაბამისად, ეს ხელშეკრულება ანტიკონსტიტუციურიცაა. რაც შეეხება სემეკს, სემეკის დარეგულირებული, ძალიან ბევრი საკითხი „ვნახეთ“. 6,2 ცენტად უნდა მოგვცეს ენკამ ელექტროენერგია და არაფრით არ განსხვავდება, თუ უფრო ძვირი არ არის, ვიდრე იმპორტული ელექტროენერგია. ვერ აისახება ჩვენ მოსახლოებაზე, ვერ შეუმცირებს ხარჯს. სარგებლიანობა აქედანაც ჩანს. გარდა ამისა, როცა ხელშეკრულებას გავეცანი, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ შესაძლოა,   ჰესის აშენება არც იყო მიზანი არც იმ თურქული კომპანიის და არც იმ ჩინოვნიკების ვინც ხელი მოწერეს ამ ხელშეკრულებაე და ახლა აგიხსნით, რატომ ვფიქრობ ასე:

მოსახლეობის პროტესტის ფონზე, თუ გაწყდება ხელშეკრულება, კომპანია ინვესტირების 50 პროცენტის კომპენსაციას ითხოვს სახელმწიფოსგან. ანუ 400 მილიონს და ამის გარჩევა მოხდება ფრანგულ საარბიტრაჟო სასამართლოში და ეს ყველაფერი არ არის. გარდა ამისა, ის ჰექტრობით მიწა, რომელიც მათ მიეცათ სარგებლობაში, ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, 99 წლით ისევ მათ საკუთრებაში რჩება და წიაღისეულზე ნებართვის აღება არ  სჭირდებათ. ხომ იცით, რა რთულია წიაღისეულზე ნებართვის აღება? – აი, ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებში, თურქულ კომპანიას რჩება მიწა, სახელმწიფო უხდის იქეთ 400 მილიონს და არ სჭირდება წიაღისეულზე ნებართვის აღება  – ჩემი ინფორმაციით, ჯერ კიდევ კომუნისტებს ჰქონდათ გამოკვლეული, რომ სწორედ მაგ ადგილებში არის ოქროს, დარიშხანის მარაგი და სხვა წიაღისეული. შეიძლება გათვლა სწორედ ამაზე იყოს. სწორედ ეგ იყოს მათი მიზანი.

-როგორ უნდა მოხერხდეს ამ კაბალური ხელშეკრულების გაუქმება?

-მოუგვარებელი საკითხი არ არსებობს. უნდა აღიძრას საქმე მათ წინააღმდეგ ვინც ამ მოღალატურ და ანტისახელმწიფოებრივ საქმეში მონაწილებდა, ესენი არიან – გიორგი გახარია, რომელმაც ხელი მოაწერა, ნათია თურნავა, ეკონომიკის მინისტრი და გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ლევან დავითაშვილი. ეს ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდენ ამ ღალატში უნდა დაისაჯონ და შემდეგ უკვე სახელმწიფომ უნდა იჩივლოს საარბიტრაჟო სასამართლოში და გაწყვიტოს ხელშეკრულება. რა ვალი გვაქს ერთი, ძალიან მაინტერესებს ნათია თურნავასი? ეს ადამიანი შევარდნაძის მთავრობაში ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე იყო, შემდეგ სააკაშვილის მთავრობაშიც ეკნომიკის მინისტრის პირველი მოადგილე იყო და ივანიშვილის მთვარობაში უკვე მინისტრად მოგვევლინა. ნათია თურნავას, კორეელი გენერალ პანჩუმის მსგავსად „ეკონომიკური სასწაული“ არ მოუხდენია და რა ვალი გვაქვს ამ ადამიანის, გავიგოთ. სამი ხელისუფლება გამოიცვალა და 25 წელია ეკონომიკის სამინისტრო აბარია. დარწმუნებული ვარ, ლევან დავითაშვილს ავალებენ მოღალატეობრივი გადაწყვეტილებების მიღებას, თუმცა, ხელს რომ აწერს, მისი პასუხისმგებლობაა. ბათუმის ქიმიური ტერმინალის მშენებლობის ნებართვა გასცა გზშ–ს გარეშე, შარშან გაზაფხულზე პანდემიის დროს, როცა ყველაფერი გაჩერებული იყო ქვეყანაში,  რაჭის კასკადის მშენებლობაზე გასცა ნებართვა. ეს ადამიანი არის მავნებელი.

-მაგრამ მინისტრებს თუ არ დავსჯით, იმის დამტკიცება, რომ ხელშეკრულების პირობები კაბალურია, გაგვიჭირდება. ასეა?

-რა თქმა უნდა, თუ არ დავსჯით, გამოდის, ვაღიარებთ, რომ არანაირ კორუფციასთან და ღალატთან არ გქონდა საქმე. თუ სახელმწიფო იტყვის, რომ ეს იყო მოღალატეობრივი გადაწყვეტილება და არის კორუფციის ნიშნები, ან სხვა გარემოებები, მაშინ დავა ბევრად უფრო ადვილია.

-რეალურად, გვჭირდება დამატებით დიდი ჰესები?

– ჩვენი ჰესების დიდი ნაწილი ვერ მუშაობს სრული დატვირთვით და ევროკავშირმა რამდენიმე წლის წინ, სოლიდური თანხა შემოგვთავაზა, რომ მომხდარიყო რეაბილიტაცია. სრული რეაბილიტაცია რომ მოვახდინოთ, გაასამმაგებს გამომუშავებას. გარდა ამისა, მსოფლიოში დიდ ჰესებს აღარავინ აშენებს, ყველა გადასულია მზისა და ქარის ენერგიაზე. მაგალითად, გერმანიამ 2018 წელს გამოიმუშავა 40 მილიარდი კილოვატსაათი, მხოლოდ მზის ენერგიით, რაც ჩვენ ენერგოსისტემაზე 3,5-ჯერ მეტია. ქარის ენერგიის გამოყენება შეგვიძლია, მცირე ჰესების აშენებაც შეგვიძლია, თუ არ იქნება კაბალური ხელსეკრულებები.

-ნამახვანჰესის გვერდზე თუ შეხვალთ, აზიარებენ სხვადასხვა ადამიანების პოსტებს, რომელთა მთავარი არგუმენტი ისაა, სად გინახავთ ბოლო პერიოდში მიწისძვრისგან დაზიანებული ჰესი, ან დატბორილი სოფლებიო…

-მიჩიგანში მოხდა გასული წლის აპრილის თვეში, წყალდიდობის შედეგად დამცავი ჯებირი დაინგრა და დატბორა მთელი ქალაქი. თურქეთში მოხდა ამას წინათ. პატარა მდინარე „ვერემ“ რა გვიქნა, დაგვავიწყდა? რაჭა, ლეჩხუმი და სვანეთი, სეისმურად ძალიან მგრძნობიარე ზონებია. მიწისძვრებიც ხშირია, მეწყერიც, ვის აქვს ამის გარანტია, რომ იქ არ მოხდება უბედურება? უახლეს ისტორიას გადავხედოთ, დარიალის ჰესი გავიხსენოთ,  ადამიანები დაიღუპნენ, რამდენიმე წლის წინ მესტიაში, მთლიანად დამარხა ღვაცოფმა ჰესი…  მე მაინც მრჩება აზრი, რომ შესაძლოა საერთოდ არ არის მიზანი ჰესის აშენება. თურქული კომპანიას როცა მიწას გადასცემდნენ, იცოდნენ საზოგადოების დამოკიდებულება და შესაძლოა, ჰესის აშენება კი არ არის მიზანი, არამედ ის იყოს შემოგდებული საკითხი და მიზანი იყოს მიწის და წიაღისეულის გადაცემა და მთავრობიდან კომპენსაციის მიღება. რაც გააკეთა  წინა მთავრობამ, გიგი უგულავას მერობის პირობებში გახსოვთ, ხომ ის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც „სითი პარკი“ გასვლის სანაცვლოდ მილიონებს ითხოვდა. ეს აპრობირებული და საკმაოდ ხშირი მეთოდია, იმ ქვეყნებში, სადაც  არ ისჯებიან ასეთი დანაშაულებების გამო ადამიანები. არ ვიცი როდის, ერთი, თუ 5 წლის მერე, მაგრამ აუცილებლად დაისჯებიან ის ადამიანები, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლობაშია შემჩნეული.

-მდინარეების კალაპოტი პატარავდება. ჩვენ ვიძახით რომ ხეებს ვრგავთ ქალაქებში, თუმცა, სკოლის მოსწავლემაც კი უნდა იცოდეს, რომ ტყეებთან და ხეებთან პირდაპირ კავშირშია მდინარის კალაპოტი და წყალი, ასე არაა? ტყეები თუ არ იჩეხება და ეკოლოგიური პრობლემები თუ არ გვაქვს, მდინარეთა კალაპოტები რატომ პატარავდება?

-ეკოლოგიური საკითხები უმნიშვნელოვანესია. ტყეების გაჩეხვა პირდაპირ კავშირშია და მხოლოდ გაჩეხვა არ არის  ხანძრები გავიხსენოთ, რომელმაც ძალიან დაგვაზარალა, არამხოლოდ ჩვენ, მთელ მსოფლიოში. პირდაპირ კავშირშია წყლის შემცირებასთან. ჩვენ ვსაუბრობდით სასურსათო უსაფრთხოებაზე. ყველა ქვეყანა ცდილობს,  საკუთარი სასურსათო უსაფრთხოების საკითხი გადაწყვიტოს, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, ჩვენ ხელისუფლებას ეს არ აინტერესებს. იმპორტის საქმეში ჩინოვნიკები არიან თავად ჩართულნი და ამიტომ, მაგრამ როდესაც გადავწყვეთ ამის გაკეთებას, შეიძლება, უბრალოდ წყალის რესურსი აღარ გვეყოს, იმ რაოდენობის პროდუქტებს მოყვანას სჭირდება მორწყვა, წყალია საჭირო. თუ ყველა მდინარეზე  ჰესი ავაშენეთ, შეიძლება, წყლის რესურსი აღარ გვეყოს.

-ტენდენციაა ასეთი, თუ კითხვები არ მოეწონებათ, ბნელი ხარ და ქვეყნის განვითარება არ გინდა. ამბობენ, რომ ჰესი არაფერ შუაშია და თურქული კომპანია არ გვინდა, გვეშინია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიცემა, რატომ არ უნდა გვეშინოდეს, პრინციპიში, არ მესმის, მაგალითად დანიაში სანაპირო ზოლზე უცხოელებისთვის საკუთრების შეძენა ურთულესია და იცით რა ზედმეტსახელითაა ცნობილი ის კანონები? „ანტიგერმანული წესები“, ხვდებით ხომ? ეს რეგულაციები შემუშავებულია გერმანელებისთვის საკუთრების შეძენის წინააღმდეგ.  ორი მინისტრი ჩავიდა რიონის ხეობაში და ხეობის მცველების ვერც ერთ კითხვას ვერ უპასუხეს, იდგნენ და თავჩახრილნი უსმენდნენ. ან, რა უნდა ეპასუხათ, როცა რიონის მცველებმა უთხრეს, ორჯერ ჩამოგასწროთ სპეცრაზმმა მინისტროო. გულწრფელად რომ მითხრათ, ბატონო ზვიად, ხელშეკრულების პირობები რომ კაბალური არ იყოს, კითხვის ნიშნები რომ არ იყოს, თურქული კომპანიის წინააღმდეგი მაინც წახვიდოდით?

-არა, რა თქმა უნდა, რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი? ზოგადად ძალიან საშიშია მიწების მიცემა უცხო ქვეყნის კომპანიისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველო ასეთ სუსტ მდგომარეობაში იმყოფება. მით უფრო, რომ თურქეთი, ხშირ შემთხვევაში ახორციელებს კულტურულ ექსპანსიას და ამას დაუფარავად აკეთებს. ასეთ დროს უფრო მეტად ყურადსაღებია, ანგარიშგასაწევი და მეტად უნდა ვიფიქროთ უსაფრთხოებაზე, თორემ, თუ ყველაფერი იქნებოდა ხელშეკრულებაში იდეალურად, თურქულ კომპანიაზე აქცენტს არავინ გააკეთებდა. საქმე იმაშია, რომ  ხელშეკრულებაში კაბალური პირობებია და ამას ისიც ემატება რომ თურქული კომპანიაა. არა ვართ ტერიტორიულად დიდი ქვეყანა და როცა ამდენი ჰექტრის გადაცემაზეა საუბარი, თან წიაღისეულის მოპოვებაზე ნებართვის საჭიროების გარეშე – უნდა აგვეწონ-დავეწონა. მაგრამ ვინ იფიქრებდა ამაზე, როცა  ხელისუფლება ფაქტობრივად არ გვყავს და ძირითადად მავნებელების ჯოგია, რომელიც ანგარიშვალდებულია ბიძინა ივანიშვილთან. ეს ადამიანები ერთადერთი კრიტერიუმებით არიან შერჩეულნი, ეს არის პირადი მორჩილება. ამ ადამიანების უმრავლესობას არც კომპეტენცია გააჩნიათ, არც  ქვეყნის სიყვარული.

-ერთი რესპოდენტი მეუბნებოდა, დააკვირდი, თუ რამე ბიზნესი აქვს, ყველა ბიზნესი ტურისტს უკავშირდებაო. კარგია „ბლესქი არენა“, დენდროლოგიური, მაგრამ არ შეგვეძლო ეს თანხები დაგვეზოგა და თავად ჩაგვედო 800 მილიონი ინვესტიცია რამდენიმე პატარა ჰესში, ან მზის და ქარის ენერგიის მისაღებად? “ბლექსი არენას” ადგილას კი, საზაფხულო, ღია კინოთეატრი აგვეგო, მაგალითად…

ბიძინა ივანიშვილი არაფრით განსხვავდება იდეოლოგიურად მიხელ სააკაშვილისაგან და ხანდახან მგონია კიდეც, რომ მიხეილ სააკაშვილის იდეები  შეთანხმებული იყო ივანიშვილთან. სინგაპურიზაცია, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ მწარმოებელი სახელმწიფო, უნდა ვიყოთ მომხმარებელი სახელმწიფო, ეს ორივემ, სააკაშვილმაც და ივანიშვილმაც იდეალურად შეასრულეს. ბოლოს მინდა ერთი რამ ვთქვა, ორი მინისტრი ჩავიდა, თურნავა და დავითაშვილი რიონის ხეობაში და რიონის ხეობის  დამცველებს მე დიდ პატივს ვცემ, ისინი ნამდვილად იმსახურებენ დაფასებას, თუმცა, მომეჩვენა, რომ ცოტა რბილი საუბარი იყო მათი მხრიდან. ეს ამ ახალგაზრდების კარგ აღზრდაზე და ზრიდილობაზე მიუთითებს, თუმცა, მოღალატეებთან  მოლაპარაკება მე არ მიმაჩნია სწორად, მოღალატეებთან საუბარი უნდა იყოს მხოლოდ ერთი კითხვით – როდის და რა მექანიზმებით  აპირებენ ამ ხელშეკრულების გაუქმებას? და არა შეხვედრა იმისთვის, რომ ამ ჰესის  სარგებლიანობაში მოინდომოს თურნავამ და დავითაშვილმა ვინმეს დარწმუნება. როდესაც ჯვარი მოთხარეს, ორჯერ დაარბიეს, კარვები დაულეწეს და როდესაც დაინახეს ხალხის დიდი რაოდენობა  ქუთაისის აქციაზე, ხელშეკრულების გასაჯაროების შედეგად, როდესაც დიდი პროტესტი ნახეს სოციალურ ქსელში, აი, სწორედ მაშინ ინებეს ჩასვლა. მგონია, რომ გაცილებით მწვავე საუბარია ამ ადამიანებთან საჭირო, ესენი არ იმსახურებენ მშვიდ ტონალობაში საუბრებს მოსახლეობისაგან.

თამო კეშელავა, ალია