საქართველოს „კოვაქსის“ სიაში შესვლისთანავე, ამირან გამყრელიძე იაპონიის ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიურ ვითარება გააცნო. ამ შეხვედრამდე ორი კვირით ადრე, იაპონიის ელჩს საქართველოს იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა, რომლის ფორმატშიც ასევე, COVID-19-თან ბრძოლის საკითხები იქნა განხილული.
„კოვაქსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველოში Pfizer-ის ვაქცინა თებერვლის დასაწყისში უნდა შემოსულიყო. საქართველოს მთავრობამ ერთთვიანი ლოდინის შემდეგ, „კოვაქსისგან“ მიიღო დიპლომატიური პასუხი, რომ პრიორიტეტი მიენიჭათ იმ ქვეყნებს, სადაც უსაფრთხოების კრიტერიუმები სრულად იყო დაცული. ეს კრიტერიუმები საქართველომ ვერ დააკმაყოფილა. სამაგიეროდ, დააკმაყოფილა განას რესპუბლიკამ აფრიკაში.
ამას მოჰყვა ეკატერინე ტიკარაძის განცხადებები საერთაშორისო სასამართლოზე და ვაქცინირების პოლიტიკის შეცვლა. ვექტორმა ამჯერად ასტრაზენეკასა და ამერიკულ ვაქცინაზე გადაინაცვლა.
რატომ თქვა Pfizer-მა უარი საქართველოსთვის მიეწოდებინა ვაქცინების შეპირებული პარტია? – CNews-ს „პაციენტთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარე ნანა სანაია ესაუბრა:
– საქმე შპრიცებშია! იაპონიამ Pfizer-ს 144 მილიონი დოზა ვაქცინა შეუკვეთა იმის გათვლით, რომ 72 მილიონ ადამიანზე გადანაწილებულიყო. თითოეული ფლაკონი 6 დოზას მოიცავს და ეს დოზები კეთდება სპეციალური შპრიცებით, რომლითაც არც იაპონიაში და ზოგადად, მსოფლიოში არსად სარგებლობენ, ანუ ხუთ დოზას იღებ ჩვეულებრივი შპრიცით, მაგრამ მეექვსე დოზის ამოღებას სჭირდება სპეციალური. შედეგად, აშშ და ევროკავშირის ქვეყნები იძულებულნი გახდნენ „პფაიზერისთვის“ შეეკვეთათ დამეტებითი დოზის ვაქცინები, ვინაიდან ცალკე ეს შპრიცები არ იყიდება.
– გაყიდვაში როგორ არის ჩაშვებული ეს ვაქცინები – რამდენ დოზაზეა გათვლილი?
– „პფაიზერის“ ამაზე გააკეთა საჯარო განცხადება და განმარტა, რომ თავიდან ხუთ დოზიან ფლაკონებზე იყო საუბარი, უბრალოდ, აღმოჩნდა, რომ მეექვსე დოზის ამოღებაც არის შესაძლებელი. ჩვეულებრივი შპრიცით ეს არ კეთდებოდა. ამიტომ კომპანიამ გამოუშვა სპეციალური შპრიცი. სხვათა შორის, „პფაიზერი“ შპრიცების ცალკე გაყდვის სასტიკი წინააღმდეგია.
– ეს რა არის, მარკეტინგული სვლა?
– თუ მარკეტინგული სვლაა, მაშინ ძალიან გენიალურია – ფაქტობრივად, გამოსავალს არ უტოვებ შემსყიდველს, ანუ ხუთის მაგივრად აწვდი ექვს, მაგრამ შენი პირობებით.
– ამიტომ არ დაწყებულა საქართველოში ვაქცინაციის პროცესი?
– მარტო საქართველო არა, უკრაინაც ძალიან დაბნეულია. ჩვენს შემთხვევაში, ცოტა სხვა მოსაზრება მაქვს. თებერვლის დასაწყისში იაპონიის მთავრობამ გააკეთა განცხადება, რომ ვაქცინებით ვერ აცრიდა მოსახლეობის იმ რაოდენობას, რაც თავიდან დააანონსა. 16 თებერვალს კი, მთავრობის კაბინეტის მეთაურმა გააკეთა განცხადება, რომ იძულებულნი არიან, უტილიზება გაუკეთონ 100 000 ზე მეტ დოზას იმიტომ, რომ მეექვსე დოზას ვერ იღებენ. უტილიზება, სავარაუდოდ, არ გაკეთდება, თუ რომელიმე ქვეყანამ მისი შესყიდვის სურვილი გამოთქვა.
– რას გულისხმობთ?
– არ არის გამორიცხული, ამირან გამყრელიძეს ჰქონდეს ამის მოგვარების სქემა. თუ შპრიცების ცალკე შესყიდვის საკითხი დაალაგა, ძალიან დიდი ეკონომია გამოდის. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ დაყოვნდა „პფაიზერით“ ვაქცინირების საკითხი.
– ეკატერინე ტიკარაძემ თავის ბოლო სამთავრობო ბრიფინგზე ახსენა, რომ 51 000 სპეციალური შპრიცი აქვთ შესყიდული. სპეციალური შპრიცები ცალკე არ იწარმოება და მოიტყუა მინისტრმა?
– არა. საქმეც მაგაშია, რომ შეისყიდა რომელიღაც უტილიტირებული ვაქცინის პარტიასთან ერთად. დიდი ალბათობით, იაპონიისგან. სწორედ ამან გააგიჟა Pfizer-ი, რომელსაც მთელი მარკეტინგული სქემა ვაქცინასთან ერთად სპეციალური შპრიცების გაყიდვასზე აქვს დაფუძნებული და ამოაგდებინა კოვაქსს საქართველო მიწოდების სიიდან.
– ანუ, ის, რომ საქართველო უსაფრთხოების კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, მიზეზი არ იყო?
– არა, რა თქმა უნდა.
წყარო: CNews.ge