ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან თანაშრომლობა დიდ უხერხულობას უქმნის და „ქართული ოცნებისგან“ პრემიერთან დაკავშირებული სკადალის გონივრულ მოგვარებას ელოდება. შესაბამისი ინფორმაცია CNews-ს ვაშინტონიდან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და აშშ-ის საელჩოს მრჩეველი პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში მაიკლ ჰონიგშტაინი უკვე შეხვდნენ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს და მას შექმნილ ვაითარებასთან დაკავშირებით ვაშინგტონის დამოკიდებულება და კრიზისის განმუხტვის საკუთარი ხედვა გააცნეს.
“არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას ეუბნება „ქართული ოცნება“ საკუთარ ამომრჩეველს და როგორ ცდილობს მის მოტყუებას. დასავლეთში და აშშ-ში კარგად იციან ქვეყნის ხელმძღვანელი პირის რეპუტაციის ფასი. შესაბამისად, არც იმას აქვს მნიშვნელობა, ერთი შეხედვით, ჩანაწერები რა პერიოდისაა. მნიშვნელოვანია მასში პრემიერის ფიგურანტობა და სხვა ორი ფიგურანტის მიერ ამ ჩანაწერების შინაარსის დადასტურება. დასავლეთის დემოკრატიულ საზოგადოებას ნამდვილად არ აქვს სურვილი საქრთველოში უმთავრეს პარტნიორად მოძალადე პერსონა ჰყავდეს.
ეს მომენტი თავად „ოცნების“ წარმომადგენლება და მხარდამჭერებმაც უნდა გაიაზრონ. ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს, რომელიც მილიონებს ხარჯავს ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების გასაძლიერებლად და დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმირებისთვის, ბავშვებზე ძალადობის თუნდაც წამახალისებელი და რაც ჩანაწერებში მოვისმინეთ, იმ შეფასებების გამკეთებელი პრემიერთან თანამშრომლობა უხერხულობას უქმნიდეს და არც სურდეს – აბსოლუტურად ლოგიკურია. წარმოიდგინეთ ვითარება, როდესაც ამერიკელი გადასახადის გადამხდელი ან ბავშვთა უფლლებების დაცვის ორგანიზაცია საკუთარ მთავრობას დაუსვამს კითხვას – ვის აფინანსებთ ჩვენი ფულით? არაფერს ვამბობ პოლიტიკურ წრეებზე, რომელთა შეშფოთება მოსმენილით პოლიტიკური დელიკატურობის გამო ჯერ ხმამაღლა არ გაჟღერებულა. ამიტომ, იქნებ უკეთესიც იყოს ბატონმა ღარიბაშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ თავად გაიაზრონ ის უხერხულობები, რაც პარტნიორებს შეუქმნეს. ერთი საკითხიც, იმ ფორმალური გამოძიების, რომელიც მთავარმა პროკურატურამ დაიწყო, ვაშინგტონში ვინ უნდა დაიჯეროს, მაშინ როდესაც საქართველოს მიყრულებულ სოფელშიც არ სჯერათ ქართული მართლმსაჯულების!?” – ასე განუმარტეს CNews-ს ვაშინგტონის პოზიცია.
CNews-სთვის ასევე ცნობილი ხდება, რომ საქართველოში კრიზისის საბოლოო დაძლევად მაინც ვადამდელ არჩევნებს მიიჩნევენ, თუმცა იმ პირობით, რომ ამ ვითარებამდე პროცესები ქუჩიდან პარლამენტში უნდა გადავიდეს და ქვეყანაში შეიქმნას სტაბილური პოლიტიკური გარემო – „მათთვის ცხადია, რომ ნებისმიერი სხვა ვითარება, რომლის შედეგადაც ოპოზიცია პარლამენტში სრულფასოვან საქმიანობას გააგრძელებს და პროცესები ქუჩიდან საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს, არ არსებობს. სხვა ვითარებაში დიდია რისკი, რომ ქვეყანაში მუდმივად არსებობდეს დესტაბილიზაციის კერები, რაც ასევე იქნება გამოყენებული ვითარების უკიდურესად გასამწვავებლად, რაც რეგიონში არსებული მდგომარეობის კონტექსტში ფრიად სახიფათოა“.
აშშ-ის საექსპერტო-საკონსულტაციო წრეებში, რაც ფაქტობრივათ სამთავრობო კულუარებს წარმოადგენს, არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ვადამდელ არჩევნებამდე ქვეყანა ტექნიკური მთავრობით მივიდეს და მას დასავლეთისა და აშშ-სთვის მისაღები პერსონა – ამჟამად აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით ბაქრაძე ჩაუდგეს სათავეში. თუმცა ეს არ გამორიცხავს სხვა, ისეთი პერსონის წამოწევას პერმიერის პოსტზე, რომელსაც არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ თანამდებობაზე პრეტენზია არ ექნება. ეს მომენტი გამორიცხავს სამთავრობო დირექტივას ადმინისტრაციული რესურსის რომელიმე პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ გამოსაყენებლად.
პარალელურად, ვაშინგტონი ელოდება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციის შედეგებს ვითარების განმუხტვისა და კრიზისის დასაძლევად.
წყარო: cnews.ge