მთავრობა სპა ცენტრების მუშაობის პრინციპზე ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა

მთავრობა სპა ცენტრების მუშაობის პრინციპზე ვერ ჩამოყალიბდა – “ჭრელი აბანო”-ს გახსნა გაურკვეველი ვადით გადაიდო …

თბილისის ცენტრში მდებარე ტურისტულ ობიექტებს შორის აბანოების ბედი ამ ეტაპზე ყველაზე ბუნდოვანია. ჭრელი აბანოსთვის ერთი წლით გაჩერება ყველა თანამშრომლისთვის ხელშეკრულების გაწყვეტითა და აუზების დაცლით დასრულდა. „ჭრელი აბანო და სპა“-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯაბა მამაცაშვილი აღნიშნავს, რომ ამჟამად სექტორს ფაქტობრივად ნულიდან დაწყება მოუწევს, თუმცა როდის და როგორ, ამაზე პასუხი ჯერ არ მიუღიათ. რაც შეეხება 5000 ლარიან სუბსიდირებას, მისივე თქმით ამ ბიზნესს მსგავსი დახმარება არ შეხებია.

„ერთი წელია „ჭრელი აბანო“ გაჩერებულია, ახლა სავარაუდოდ სუბსიდირებაც არ გვეხება, თუმცა 5000 ლარიც არაფერია. სპა სექტორი არც სასტუმრო მიმართულება ვართ და არც რესტორანი, შესაბამისად ვერ ჩამოყალიბდნენ მთავრობაში ამ საკითხზე. მომავალში რა და როგორ შეიცვლება, ამაზე ერთი წელია პასუხს ვერ გვცემენ.

აბანოებს ძალიან დიდი ხარჯი გვაქვს – ჩვენთან ცოტა რთულადაა საქმე და აგიხსნით რატომ: წყალი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ არის ძალიან „აგრესიული“, სჭირდება ყურადღების მიქცევა, რადგან ეს ბუნებრივი წიაღისეულია და ონკანიდან არ მოდის, რომ დავკეტოთ. წყალი გეიზერული სისტემით ამოდის და ძრავებით კონტროლდება, ამისთვის მთელ რიგ ტექნიკურ სამუშაოებს ვატარებთ და ტექნიკური კადრები გვყავს. წყალზე ცალკე გადასახადი გვაქვს, რომელსაც GWP-ს ვუხდით. ამის გარდა, ვიხდით უამრავ გადასახადს, არანაირი შეღავათი არ გვქონია – შემოსავალი კი ნული. ამ ეტაპზე სხვა ყველა თანამშრომელთან გავწყვიტეთ ხელშეკრულება და ვეღარავის ვუხდით ხელფასებს“ – განმარტავს ჯაბა მამაცაშვილი.

ერთი წლის მანძილზე აბანოები ცდილობდნენ გახსნის ზუსტ თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას, „ჭრელი აბანო“ 2 დღით გაიხსნა კიდეც, თუმცა შესაბამისმა უწყებებმა კვლავ გადაიფიქრეს და ობიექტი ისევ დაიხურა.

„სამთავრობო ცხელ ხაზზე არ იციან რა პასუხები გაგვცენ, ბიზნესომბუდსმენი ძალიან არაკომპეტენტურია მთელი 1 წლის განმავლობაში. გვეტყოდნენ, რომ გახსნის უფლება გვაქვს, მოგვაყვანინებდნენ თანამშრომლებს, დაგვალაგებინებდნენ სივრცეს, მეორე დღეს გვეუბნებოდნენ, რომ ვერ გავიხსნებოდით. ერთხელ, ორი დღე ვიმუშავეთ, ბიზნესომბუდსმენმა პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო, მაგრამ მესამე დღეს ბოდიშებით ისევ გვაიძულეს დახურვა.

სტუმრებს ისე უნდათ აბანოში შემოსვლა, 24 საათში 600 ლარი იყო ხოლმე შემოსული. უკვე მოდიან უცხოელებიც, კიევიდანაც გვყავდა სტუმარი, მაგრამ კარის მიხურვა მოგვიწია. წყალიც დაკეტილი გვაქვს და აუზები დაცლილია.

ყველაზე რთული სიტუაცია ჩვენ გვაქვს, ვართ ქალაქის ცენტრში, თბილისის გულში და ტურისტებზე მორგებული უნდა ვიყოთ, თუმცა რა ტურისტზეა საუბარი. ბოლო პერიოდში ვცდილობთ, რომ დავნერგოთ ქალაქში ეს კულტურა და თბილისელებმაც იარონ აბანოში, შესაბამისად გარკვეული ძვრები იყო ბოლო წლებში და აღადგინეს ქალაქელებმა ძველი ტრადიციები“ – ამბობს ჯაბა მამაცაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საცურაო აუზები, ისევე როგორც სპორტდარბაზები, 15 მარტიდან იხსნება.

წყარო:commersant.ge