ჩვენი საუბარი დასრულდა 10 წუთით ადრე, ვიდრე გახარია გააკეთებდა განცხადებას გადადგომასთან დაკავშირებით – ირაკლი კობახიძე.
“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, იგი გიორგი გახარიას გადადგომადე 10 წუთით ადრე ესაუბრა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოზიცია ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით იყო იდენტური იმ პოზიციისა, რაც გუნდის სხვა წევრებს ჰქონდათ. თუმცა, 17 თებერვლის 17 საათზე გიორგი გახარიას პოზიცია საკითხთან დაკავშირებით შეიცვალა.
“17 თებერვლის 17 საათამდე მისი პოზიციები იყო ზუსტად იდენტური იმისა, რაც ჰქონდათ გუნდის სხვა წევრებს, თუმცა სამწუხაროდ რატომღაც 17 საათზე ეს პოზიცია შეიცვალა. გვქონდა ჩვენ დისკუსია ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებას მივაწოდეთ გარკვეული ინფორმაცია. 17 საათი ზუსტად იქიდან მახსოვს, რომ იყო გარკვეული კომუნიკაცია ტექნიკური საშუალებებით და დაახლოებით ეს დრო იყო, როდესაც ეს კომუნიკაცია შედგა.
დაფიქსირდა თავდაპირველად პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა გადადებულიყო ეს ოპერაცია და შემდეგ საუბარი იყო 2 დღით გადადებაზე. მიზეზი, არგუმენტი ჩვენთვის არ იყო მყარი. არგუმენტი იყო ის, თითქოს ნაკლები იქნებოდა ადამიანების კონცენტრაცია 2 დღის შემდეგ მაშინ, როდესაც ჩვენ ლოგიკურად ვმსჯელობდით იმაზე, რომ პირიქით, კონცენტრაცია გაიზრდებოდა და ასეც მოხდა. თქვენ თუ გახსოვთ, 2 დღეში კონცენტრაცია ადამიანების ოფისში გაიზარდა, რამაც შედარებით გაართულა ბუნებრივი ოპერაციის ჩატარება” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერში”.
წყარო: itv.ge