“ნიუსფრონტ-საქართველოს” ინფორმაციით, საქართველო-რუსეთს შორის მოქმედ ერთადერთ სახმელეთო გამშვებ პუნქტზე, ზემო ლარსში, რუსი მესაზღვრეები საქართველოს მოქალაქე მძღოლებს რუსულ ვიზებს დეტალურად უმოწმებენ.
ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ვიზა გაცემულია ფიქტიური რუსული ფირმის მოწვევის საფუძველზე, რუსი მესაზღვრეები ითხოვენ საგარანტიო წერილს მომწვევი კომპანიისგან, რომ ეს პირი ანუ მძღოლი, უზრუნველყოფილია სამედიცინო დაზღვევით, საცხოვრებელი ფართით და ა. შ. მძღოლებს აფრთხილებენ, რომ ამ წერილის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე განმეორებით შესვლას ვერ შეძლებენ.
რუსეთში გამგზავრების მსურველი პირები უნდა მოერიდონ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გახსნილ მრავალრიცხოვან ფირმებს, მათ შორის, “სავიზო ცენტრის” შენობაში განთავსებულ ოფისებს, რომლებიც მოქალაქეებს რუსულ მოწვევებს სთავაზობენ დაბალ ფასად. მათ უნდა იზრუნონ სოლიდურ მოწვევაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსულოს მიერ გაცემული ვიზაც არ იძლევა რუსეთის ტერიტორიის გადაკვეთის გარანტიას.