მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა, დავით ქაცარავამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ჩორჩანა-პერევის მიმართულებით, ტყეში საღებავებით მონიშნეს ადგილები, სადაც სავარაუდოდ, გაზაფხულზე, ახალ საოკუპაციო ღობეებს დაამონტაჟებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მიმდინარეობს აღნიშნული მონაკვეთის სრულყოფილი შესწავლა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება შესაბამისად რეაგირებს უკანონო მონიშვნებისა და შესაძლო ბორდერიზაციის ყველა შემთხვევაზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, ხეების წითელი საღებავით მონიშვნის შემთხვევა წარსულშიც, 2016 წელს იქნა აღმოჩენილი.
საკითხის განხილვა მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 72-ე შეხვედრაზე. ცენტრალური ხელისუფლების პრინციპული პოზიციის შედეგად აღნიშნული განხილვის ფარგლებში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უარყვეს კავშირი ხეებზე დატანილ მონიშვნებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.