თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ არ აპირებს, ყური უგდოს ვაშინგტონის მოწოდებას, სირიის ჩრდილოეთის ქურთ მებრძოლებთან ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.
“ბატონმა [ამერიკის] პრეზიდენტმა მოგვთხოვა, რომ ჩვენ ცეცხლის შეწყვეტა გამოვაცხადოთ. ჩვენ ამას არასდროს არ დავთანხმდებით” – ერდოღანის სიტყვებს ციტირებს გაზეთი “დეილი საბაჰ”. “მე მას ვუთხარი, რომ თურქეთი ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს” – დასძინა თურქეთის ლიდერმა.
სამაგიეროდ, შედგა თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი. ვლადიმირ პუტინთან საუბარში ერდოღანმა აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით “მშვიდობის წყარო”, ხელს უწყობს სირიის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას – იუწყება სააგენტო “ანადოლუ”. გარდა ამისა, ერდოღანმა დაადასტურა, რომ ოპერაცია დადებით გავლენას იქონიებს სირიის კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების დაჩქარებაზე.
თურქეთმა სირიელი ქურთების წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო ოპერაციას “მშვიდობის წყარო” სტარტი 9 ოქტომბერს მისცა.