ჩინეთში კორონავირუსით უკვე მეოთხე ადამიანი გარდაიცვალა. BBC-ს ინფორმაციით, დაავადების ახალი შტამის ბოლო მსხვერპლი 89 წლის მამაკაცია. ის უჰანში ცხოვრობდა – ქალაქში, სადაც ვირუსი თავდაპირველად გავრცელდა.
ამ დროისთვის დაავადების 200-ზე მეტი შემთხვევაა ცნობილი, ინფიცირებულები არიან პეკინსა და შანხაიშიც.
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ გუშინ დაადასტურა, რომ გუანგდონგის პროვინციაში ვირუსი ადამიანს მეორე ადამიანისგან გადაედო. მანამდე ვარაუდობდნენ, რომ დაავადება ჰაერწვეთოვანი გზით არ გადაიცემოდა.
ამას გარდა, უჰანის ჯანდაცვის მუნიციპალურმა კომისიამ გაავრცელა განცხადება, რომ ქალაქში სულ მცირე 15 სამედიცინო პერსონალია ვირუსით დაავადებული, ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
სად გავრცელდა ვირუსი
დაავადება დეკემბერში პირველად უჰანში აღმოაჩინეს – ცენტრალურ ჩინეთში მდებარე ქალაქში, სადაც 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ქვეყანაში ამჟამად 218 დადასტურებული შემთხვევაა.
ვირუსით ინფიცირებულები გამოვლინდნენ სხვა ქვეყნებშიც – ორი ტაილანდში, ერთი იაპონიაში, ერთიც – სამხრეთ კორეაში. ყველა მათგანი უჰანიდან ახალი დაბრუნებულია.
სინგაპურის, ჰონგ-კონგისა და და იაპონიის დედაქალაქის, ტოკიოს აეროპორტები უჰანიდან ჩასულ მგზავრებს ამოწმებენ.
იმავე ღონისძიებას მიმართეს აშშ-ში, ლოს-ანჯელესისა და ნიუ-იორკის აეროპორტებში.
მგზავრების შემოწმებას გეგმავენ ავსტრალიაშიც, სადაც გასულ წელს ტურისტად 1 მილიონი ჩინელი ჩავიდა.