8,1 კგ მარიხუანა აღმოაჩინეს თბილისის აეროპორტში

თბილისის აეროპორტში 8,1 კგ ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ აღმოაჩინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 18 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი”, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, 8,1 კილოგრამი „მარიხუანა“ გამოვლინდა. რისკის საფუძველზე აღნიშნული ბარგი ექვემდებარებოდა საბაჟო კონტროლს, რის შედეგადაც სამართალდარღვევის ფაქტი დადგინდა.

საქმის მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვისა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით მიმდინარეობს.

საქმეზე სამხრეთ აფრიკის მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული ს.რ. დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 273 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

წყარო: “იმედინიუსი”