„ნატო რუსეთთან კომუნიკაციის დროს ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს და მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას დაგმობს, “– ეს განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.
დღეს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე ჯეიმს აპატურაიმ “ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა, რომ დღის წესრიგშია ორი საკითხია: წლიური ეროვნული პროგრამის შეფასება და ოკუპირებული ტერიტორიები.
„ნატოს წევრი ქვეყნები პოზიტიურად აფასებენ სამშვიდობო ინიციატივებს და ხედავენ საქართველოს ხელისუფლების მცდელობას. ეს პოზიტიურადაა შეფასებული. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის მარტივი. სეპარატისტები და რუსული მხარე ართულებენ სიტუაციას. გრძელდება ბორდერიზაცია. გადასასვლელები დაკეტილია სექტემბრის შემდეგ და მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციაა ადგილზე,“– განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
მისი თქმით, ნატოში რუსეთთან მიმართებით პოზიცია არ შეცვლილა:
„ორგანიზაცია აჩვენებს ერთიანობას ამ საკითხზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე სტრატეგია, რომელიც მოიცავს თავდაცვის გაძლიერებას და მეორეს მხრივ ვცდილობთ გვქონდეს დიალოგი, რომელიც არსებითი ხასიათის შედეგებს მოიტანს.“
ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და მისი მაღალი სტანდარტით ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა:
„საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე სახელმწიფო დემოკრატიულ რეფორმებში და აჩვენებდა, რომ პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციას ქვეყანა მიჰყავს ახლოს დასავლურ ღირებულებებთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან. ამიტომაც ამ არჩევნებს ასე ყურადღებით აკვირდებიან ნატოს წევრი სახელმწიფოები. ეს ქართული არჩევნებია, მაგრამ აქვს ფართო რეზონანსი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ამიტომ საჭიროა ყველაზე მაღალი სტანდარტის ჩვენება,“– განაცხადა აპატურაიმ.
“იმედი“