სოროსი გამწარებულია და კიდევ ერთ მილიარდს გაისვრის – მისეული მსოფლიო არ შედგა

საქართველოს კადრების “მჭედელი” ჯორჯ სოროსი გლობალური მასშტაბით მარცხს ირიბად აღიარებს. დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას მულტიმილიარდერმა გამოაცხადა, რომ იგი 1 მილიარდ დოლარს გამოყოფს გლობალური უნივერსიტეტის შესაქმნელად. ეს უნივერსიტეტი მოწოდებული იქნება, ებრძოლოს “ავტორიტარულ” მთავრობებსა და კლიმატის “ცვლილებას”.

სიბერეში სოროსი აპირებს, შექმნას “ღია საზოგადოების” საუნივერსიტეტო ქსელი, აღნიშნული მიმართულებებით კვლევების განსახორციელებლად.

მისი აზრით, ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენს აშშ-ის “გადახურებული” ეკონომიკა, კომპანია “ფეისბუკის” დომინირება და სხვადასხვა მსოფლიო ლიდერების ავტორიტარული მმართველობა, რომელთა შორის სოროსმა ჩინეთის ლიდერი სი ცზიპინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაასახელა. ამ უკანასკნელს მან “თაღლითი და აბსოლუტური ნარცისი” უწოდა.

ჯორჯ სოროსს მიაჩნია, რომ 2020 წელი და კიდევ რამდენიმე მომდევნო წელიწადი მსოფლიოს ბედისათვის გადამწყვეტი იქნება. მან ასევე წუხილი გამოხატა იმის თაობაზე, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი “პოტენციური ან ნამდვილი დიქტატორების ხელში” აღმოჩნდნენ.

მოკლედ რომ ითქვას, სოროსის მიერ ნაოცნებარი გლობალისტური, ერთ ცენტრს დაქვემდებარებული პოლიტიკური სისტემა მსოფლიოში არ შედგა. ეს არ ნიშნავს, რომ დღევანდელი ვითარება ჩვენს პლანეტაზე მისაღებია, მაგრამ მიხრწნილი ფანატიკოსის დაჟინებული აზრებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ დედამიწის მცხოვრებნი ბევრად უარესს ვართ გადარჩენილები.