სომეხი ისტორიკოსის, სამველ კარაპეტიანის 2003 წელს, ერევანში გამოცემული წიგნში Мэры Тифлиса (Тбилиси), ყურადღება მიიქცია წიგნის სახელწოდებამ. ეს იგივეა, ერევნის ისტორია დავწერო და ერევანი ირივონ, ერივონად მოვიხსენიო.
ავტორი აცხადებს, – XIX საუკუნის ბოლოს თბილისს კავკასიის პარიზს ეძახდნენო და იქვე დასძენს: “Тифлис является “прихожей”, “притвором” Армении”. მახსენდება ერთი დიდი სახელმწიფო მოღვაწის ნათქვამი, – სომხებს ავადმყოფური ისტორიზმი სჭირთო.
ამას მოსდევს XIX საუკუნის თბილისის
არაეროვნული ბურჟუაზიის ქება-დიდება, რომელმაც თურმე “თბილისი წაართვა არა ქართველებს, არამედ სპარსელებს, თურქებსა და გერმანელებს. ეს გააკეთეს არა ყაჩაღურად, ბნელ ღამით, არამედ “Честным трудом” და “Честными деньгами” – დღისით, მზისით, ფხიზელი გონებით”. ხედავთ, რა სიკეთე გაუკეთებიათ უბედური ქართველებისთვის?
აკაკი წერეთელი წერდა: დალოცვილი სომხები, როცა მათთვის მოსახდენია ყოველთვის ძმობა-ერთობაზე ჰყვირიან და როცა აღარ ეჭივრებათ, მაშინ ბატონობაზედ ხელს არ იღებენ” (“დროება”, 1875).
თუ ქართველ გლეხს თბილისში შემოსვლა ეზღუდებოდა და გადასახადი უნდა გადაეხადა, სომხეთის პროვინციებიდან უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა უპოვარი სომეხი გლეხი, ყოველგვარი ბეგარის გარეშე. მეტიც, ისინი არათუ შემოჰყავდათ, ამკვიდრებდნენ და თან გაჰყვიროდნენ, თბილისი სომხების დედაქალაქიაო.
სომხური ბურჟუაზია თბილისში სწორედ არა “Честным трудом” და არა “Честными деньгами” იყო გამდიდრებული, არამედ ქართველი გლეხის ძარცვა-ყვლეფით.
ეს მომეტებული რაოდენობა სომხებისა, თბილისში 1821 წელს გამოწვეული იყო იმ დიდი ტრაგედიით, რომელიც აქაურ მოსახლეობას დაატყდა თავს სულ რაღაც ორიოდე ათეული წლის წინ, აღა-მაჰმად ხანის მიერ თბილისის აოხრების გამო (1795 წელს). თბილისელ სომხებს შედარებით ნაკლებად შეეხო მტრის მახვილი. უმთავრესად ქართველთა თავზე დატრიალდა სისხლიანი კალო. ამ დროისთვის ქართული ეკლესიის რიცხვიც შემცირდა, ხოლო სომხებისა გაიზარდა. თბილისში 1805 წელს 39 სომხური ეკლესია იყო, ქართული კი – 17. საქართველოს სომხურმა ეპარქიამ ამ ტრაგედიით ისარგებლა და მიისაკუთრა თელეთის, შავნაბადას, წავკისის ქართული ეკლესიები. სომეხი სასულიერო პირი ეშმაკური ხერხებით ქართულ ეკლესიას სომხურად აქცევდა, მერე იწყებდა მისაკუთრებული ქართული ეკლესიის ქართველი მრევლის ათასნაირი ხრიკით გასომხებას.
ქართული მიწისა და ქართველი გლეხის ძარცვა-ყვლეფით გამდიდრებული სომხები, რომელნიც შიშველ-ტიტველნი ჩამოვიდნენ ზანგეზურის, არარატის, სისაკანისა და სხვა სომხური პროვინციებიდან, კარაპეტიანისვე სიტყვებით, მხოლოდ “Честным трудом” და “Честными деньгами” გამდიდრდნენ”.
სომხურ სკოლებში მოსწავლეებს ასწავლიან – სომხეთს 22 დედაქალაქი ჰქონდაო: თბილისი, ბაქო, როსტოვი, არმავირი და სხვ. აქ კი აკაკი მოგაგონდება, – სადაც კი სომეხს არშინი შეუტანია, ყველა “ჰაისტანი” ჰგონიაო, – წერდა ირონიით.
ალექსანდრე ხატისოვის ქალაქისთავად არჩევის (1910) წინააღმდეგ რომ წავიდა ქართველი საზოგადოება, ამის შესახებ თვითონ ხატისოვი წერს: “ბ-ნმა ხატისოვმა თუნდაც მზის სინათლით გაანათოს ღამე ქალაქი, მარმარილოთი მოაპირკეთოს თბილისის ქუჩები, სულერთია, მისი ქალაქისთავად არჩევის წინააღმდეგი ვიქნებით, რადგან იგი სომეხია”. გამოხდა ხანი და აღმოჩნდა, რომ ქართული გაზეთები არ შემცდარან, ხატისოვმა სომხეთის დაშნაკურ მთავრობაში პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა. სწორედ ის იყო ორგანიზატორი და შემდგენელი დაშნაკთა მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისადმი წამოყენებული ტერიტორიული პრეტენზიებისა. ხატისოვი და მისი მთავრობა მოითხოვდნენ თითქმის მთელ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიას სურამის მთაგრეხილამდე, დედაქალაქის ქუთაისში გადატანას და სხვ.
ვიმეორებ – ისტორიული სომხეთი თბილისამდე არასდროს ვრცელდებოდა. სამველ კარაპეტიანი წერს, – საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში თბილისის ქართველმა მერებმა – XIX საუკუნის სომეხი ეროვნების მერების საფლავები მიზანმიმართულად გაანადგურესო. არა და ბოლშევიკთა აგრესიულ ათეისტურ პროპაგანდას შეეწირა ქართული და სომხური ეკლესიები და სასაფლაოები. სწორედ ამ კამპანიის დროს აიღეს არა მხოლოდ სომეხთა, ქართველების საფლავებიც. სარაჯიშვილის საფლავიც არ დაინდეს.
სამწუხაროდ, კარაპეტიანის წიგნი, Мэры Тифлиса (Тбилиси) არის ტიპური მაგალითი ისტორიის მრუდე სარკეში დანახვისა და ნამდვილად არ წაადგება საქართველო-სომხეთის შემდგომ ურთიერთობას.
ბონდო არველაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. P.S. ჩემგან დავამატებ, რომ მეფის რუსეთში ტფილისს მერი არასდროს ჰყოლია, მხოლოდ მოურავი (ქალაქის თავი), რომელიც არც პოლიტიკური თანამდებობა იყო და არც სამოხელეო. ქალაქის ნამდვილი პატრონი და განმკარგველი გუბერნატორი გახლდათ!
ედიშერ ოდიშარია