ირაკლი დოჭვირი მღვდელ ილია ჭიღლაძეს – „რანაირი მღვდელი ხარ, აგვიხსენი!“

პუბლიცისტი, ესეისტი, სოციალისტურ-კომუნისტური იდეების მიმდევარი ქართველი მოქალაქე ირაკლი დოჭვირი სოციალურ ქსელ “ფეისბუკის” საშუალებით მიმართავს ლიბერალური მასმედიის მიერ “გაპიარებულ” მღვდელ ილია ჭიღლაძეს, რომელიც ინტენსიურად არის დაკავებული “ფეისბუკ”-შემოტევებით ცალკეული პოლიტიკოსების, ასევე საქართველოს ეკლესიის მესვეურების მიმართ. გთავაზობთ მიმართვის ტექსტს:

სურათზე: ირაკლი დოჭვირი (ცენტრში) თანამოაზრეებთან ერთად.

 

“მამა ილია ჭიღლაძეს! მე, რიგითი ქართველი, ირაკლი დოჭვირი, გახლავარ სოციალისტური-კომუნისტური იდეების მატარებელი და ათეისტი, მაგრამ არ ვარ გულგრილი მორწმუნე ადამიანების მიმართ, მით უმეტეს, ასეთი ადამიანები საქართველოში უმრავლესობას შეადგენენ და ჩვენ თანამემამულეები ვართ.
მაქვს პრინციპული შეკითხვა შენთან, როგორც მღვდელთან:

რომ გადმომდგარხარ ამ ლიბერალურ ინტერნეტ-რესურსებში, ხან ივანიშვილს გადასწვდები, ხან ზურაბიშვილს, ახლა კახი კალაძეს მისდექი… ეს ყველაფერი კარგია, შეიძლება, სამართლიანადაც აკრიტიკებ ქოცებს; იმასაც ვხვდებით, რომ შინაგანად „ნაცი“ ხარ, მათი ამომრჩეველი და ამის უფლებაც გაქვს – ეკლესია ხომ არ კრძალავს, მღვდელს ჰქონდეს თავისი პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიები…

მაგრამ მე სხვა რამ მაინტერესებს – ეკლესიაში მორჩილებაა მთავარი და რომ აკრიტიკებ პატრიარქს, ილანძღები ეპისკოპოსების მიმართ, მოითხოვ ე. წ. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას, რუსეთის ეკლესიას საფრთხედ აცხადებ ქართული ეკლესიისთვის – ეს რომელი მართლმადიდებლობაა, რომელ საეკლესიო კანონებში წერია?!

მაგრამ ესეც არაფერი. კიდევ უფრო მეტად მაინტერესებს: შენს „ფეისბუკის“ გვერდზე რომ შემოდიან ვიღაც ნაგიჟრები და პატრიარქის ლანძღვა-გინებას წერენ, შენ, როგორც მღვდელი, რატომ არ რეაგირებ ამაზე? არ უშლი პატრიარქის ლანძღვა-გინებას, არ აძლევ შენიშვნას, არაფერს ამბობ და აკეთებ! ბოდიში, მაგრამ რანაირი მღვდელი ხარ?! ,,მეუფე პეტრესთან” და აწ უკვე ყოფილ მღვდელ სარიასთან ხომ არ ხართ წილნაყარი?” – აღნიშნულია ირაკლი დოჭვირის მიმართვაში.

სურათზე: მღვდელი ჭიღლაძე