შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში თავის გუნდ „ლენოვო ტენერიფეს” „ვალენსია“ 90:86 დაამარცხებინა. ის ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და მატჩის MVP-იც დამსახურებულად გახდა.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 24:10 წუთში 21 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა 10-დან 7 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა. შედეგად, გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა და ცხადია, ის მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.
ლენოვო ტენერიფეს 20 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა და ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მხოლოდ მადრიდის რეალსა და ბარსელონას ჩამორჩება. შემდეგ ტურში ტენერიფელები სტუმრად, 3 აპრილს, „ბეტისს“ შეხვდებიან.
აღსანიშნავია, რომ შერმადინი მიმდინარე სეზონში ორჯერ გახდა თვის – ოქტომბრისა და იანვრის MVP და ეს შედეგი მარტშიც თუ გაიმეორა, მთლიანად სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებაში მას წინ ფაქტობრივად ვეღარავინ დაუდგება.