დასავლურ ინსტიტუტებსა და თანამდებობის პირებზე შეტევა სააკაშვილის სტილია, რასაც ვერ ბედავს ნათელაშვილს ახმოვანებინებს – თეა წულუკიანი.
კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, დასავლურ ინსტიტუტებსა და თანამდებობის პირებზე შეტევა სააკაშვილის სტილია, ხოლო რასაც ვერ ბედავს შალვა ნათელაშვილს ახმოვანებინებს.
„ეს არის ანტიდასავლური რიტორიკა. ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა ჩვენი იმ სტრატეგიული პარტნიორების და მეგობრებისა, რომლებმაც ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ.
ეს შეტევა დასავლურ ინსტიტუტებსა და თანამდებობის პირებზე სააკაშვილის სტილი და რიტორიკაა, მაგრამ ის, რასაც თავად ვერ ახმოვანებს, როგორც ჩანს, ავალებს და ხმოვანდება ბატონი ნათელაშვილის მიერ.
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჩვენ ოპოზიციაში ვიყავით, უცხოელებისგანაც მსმენია, რომ ნათელაშვილი არასდროს აღიქმებოდა სერიოზულ ფიგურად და ვფიქრობ, ისინიც რწმუნდებიან, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ იდეების გამხმოვანებელია, როგორიც სააკაშვილის ფსევდო ოპოზიციაში ყოფნის დროს იყო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს ჯორჯ კენტი ბიძინა ივანიშვილის გათეთრებას ცდილობს.
“ძვირფასო კენტ, თქვენ მიერ სენატში საქართველოს საკითხებისადმი მიძღვნილ სხდომაზე საქართველოს რუსი დიქტატორ-ოლიგარქის, პუტინის გარემოცვის წევრ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მმართველი პარტიის გათეთრების მცდელობამ საქართველოში გამოიწვია შოკი” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
წყარო: ptn.ge