არ იქნება მისაღები არც ერთი ხედვა, რომელიც არ ამოწურავს პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხს

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება “ქართული ოცნების” პოზიციის გამო ვერ შედგა. მისი თქმით, ოპოზიციისთვის არ იქნება მისაღები არც ერთი ხედვა, “რომელიც არ ამოწურავს პოლიტპატიმრების — მელიას და რურუას — საკითხს და ვადამდელი არჩევნების საკითხს”.

“ჯერჯერობით, ივანიშვილსა და მის გარემოცვას არ შეუცვლიათ ქვეყნისთვის დამღუპველი პოზიცია, რომ ყველა მეთოდით, მათ შორის, პარტნიორების მიმართ აგრესიული განცხადებებით, რომლებიც მთელი ეს დღეები ისმოდა, ასეთ დოკუმენტზეც კი, რაც დაიდო, ხელის არ მოწერით, შეუძლიათ, შეინარჩუნონ ძალაუფლება და სტატუს-კვო…

აქედან გამომდინარე ვერ შედგა შეთანხმება. აქედან გამომდინარე, ჩვენი ეროვნული ამოცანები არის იგივე, რაც იყო დღემდე: ეს არის ქვეყნის შიგნით ამ ადამიანებისთვის მაქსიმალური, ლეგიტიმური და მშვიდობიანი, მაგრამ მწვავე პრობლემების შექმნა, სანამ მას მიტაცებული აქვს სახელმწიფო და ჩვენს პარტნიორებთან მუშაობა, რომ მასზე წნეხი გაიზარდოს”, — აღნიშნა მან.

ბოკერიას თქმით, ვადამდელი არჩევნების საკითხს დოკუმენტი “ქართული ოცნების” პოზიციის გამო არ შეიცავს. მანვე, სხვა ოპოზიციონერი კოლეგების მსგავსად დასძინა, რომ ოპოზიცია მზად იყო, შეთანხმების დოკუმენტში მოცემული 5 საკითხიდან 3-ს დათანხმებოდა. ესენია საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა და პარლამენტში ძალაუფლების განაწილება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის შეხვედრა დღეს, 30 მარტის 17:00 საათიდან მიმდინარეობდა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ის უშედეგოდ დასრულდა.

“ქართულმა ოცნებამ” მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა.

 

“ნეტგაზეთი”