“როდესაც კანონი იწერება ისე, რომ კლანია სასამართლო სისტემაში, ამ პროექტით ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვატყუებენ”.
“საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის საფუძველზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის წესში ცვლილებები ხორციელდება, პარლამენტს უკვე წარედგინა. მომზადებული პროექტის მიხედვით, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რომელმა წევრმა რომელი კანდიდატი რა შედეგით შეაფასა, საჯარო ხდება. ამასთან, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ყველა კანდიდატს არ შეაფასებს და შეფასებებს დასაბუთებებთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს არ გადასცემს, ითვლება, რომ იგი კანდიდატების შეფასების პროცედურაში არ მონაწილეობს და მის მიერ განხორციელებული ყველა კანდიდატის შეფასების შედეგები უქმდება. იცვლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ კანდიდატთა შერჩევის ბოლო ეტაპზე გადამსვლელ კანდიდატთა სიის შედგენის წესი. კერძოდ, ამ სიას იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეადგენს არა კენჭისყრის შედეგად, არამედ კანდიდატთა კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით შეფასებისას მათ მიერ დაგროვებული ქულების (საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებლების) მიხედვით.
იცვლება პარლამენტისთვის კანდიდატების წარდგენის მიზნით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კენჭისყრის გამართვის წესი. კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, ამით უზრუნველყოფილი იქნება, რომ პარლამენტს მხოლოდ ის კანდიდატები წარედგინოს, რომლებმაც კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით შეფასებისას საუკეთესო შედეგები მიიღეს ანუ, დაგროვებული ქულების მიხედვით საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებლები აქვთ. კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, მხარს დაუჭერს თუ არა იგი კანდიდატს. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საბჭოს რომელმა წევრმა რომელ კანდიდატს დაუჭირა ან, არ დაუჭირა მხარი კენჭისყრაში, და კენჭისყრისას დაფიქსირებული პოზიციების დასაბუთება იქნება საჯარო და საბჭოს ვებ-გვერდზე ქვეყნდება.
როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, პროექტის მიზანია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის დასკვნაში მოცემული იმ რეკომენდაციების გათვალისწინება და „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ასახვა, რომლებიც ვენეციის კომისიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით შეიმუშავა.
რატომ გახდა ეს ცვლილება საჭირო, მაშინ როდესაც თავდაპირველი ცვლილებებიც სწორედ ვენეციის კომისიის დასკვნით და რეკომენდაციებით შემუშავდა. რა იცვლება ამით და რა ხარვეზები დაინახეს უცხოელმა სპეციალისტებმა არსებულ კანონში და როგორ აისახა ეს ყველაფერი პრაქტიკაში, ამ კითხვით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ, ნაზი ჯანეზაშვილს მივმართეთ.
ნაზი ჯანეზაშვილი: დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც წარმოდგენილია, მიმაჩნია, რომ არაფერს შეცვლის. პირველ რიგში, ამისი მიზეზი იქნება ის, რომ სასამართლო არის კლანური მმართველობის ხელში. დღეს სასამართლო იმართება კონკრეტულ გავლენიან მოსამართლე ჯგუფის მიერ, ეს ჯგუფი მოსამართლეების დანიშვნას თუ კანდიდატურების წარდგენაზე გადაწყვეტილებას იღებს წინასწარ, თუ რომელი კანდიდატურა უნდა წარედგინოს და რომელი მოსამართლე უნდა დაინიშნოს თანამდებობაზე. ამ მანკიერ პრაქტიკას, ეს საკანონმდებლო ცვლილება ხელს ვერ შეუშლის.
ყველა რეფორმა, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობისკენაა მიმართული, ძალიან მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც მუდმივად საუბარია სასამართლოს პოლიტიზირებაზე, დაგეგმილი ცვლილებები რა გავლენას მოახდენს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე?
– რეკომენდაციებს როდესაც გვაძლევენ ესა თუ ის ინსტიტუტები, ეს ძალიან მნიშვნელოვანის, ეს რეკომენდაციები სრულად უნდა იქნეს გაზიარებული. თუ რეკომენდაციებიდან მხოლოდ იმას გაიზიარებს ხელისუფლება, რომელიც მას მოსწონს, რომელიც ყველაზე, ასე ვთქვათ, ნაკლებ მტკივნეულად მიაჩნია, მაშინ ამით არსებითად არაფერი არ იცვლება. რეკომენდაციებს გვიწევენ იმისთვის, რომ ერთიანი სურათი შეიცვალოს და საბოლოო ჯამში, შედარებით ჯანსაღი და სწორი მოდელი მივიღოთ. თუ ოქტომბერში იყო ეს რეკომენდაცია, აქამდე რას აკეთებდნენ? რეკომენდაციების გათვალისწინება არის მინიმალური. მაგრამ ოქტომბერში, საერთაშორისო ორგანოებში, როგორიც არის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოები, კლანის არსებობაზე ასე ინტენსიურად არ საუბრობდნენ, დღეს რომ საუბრობენ, რეალობა იცვლება და ამას თვალი უნდა გაუსწორონ. ის რეკომენდაციები მაშინ თუ იყო, რაღაც მნიშვნელობის მქონე, დღეს შეიძლება არაფერს არ ცვლიდეს.
რაც მთავარია, უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევის პროცესი უკვე დაწყებულია. რამდენიმე ათეულ კანდიდატს უკვე გავესაუბრეთ, ეს გასაუბრება დაიწყო დეკემბერში, ძალიან ინტენსიურად მიდიოდა ეს გასაუბრება, მერე შემცირდა, უკვე ბოლო ორი კვირაა აღარც ჩატარებულა. სავარაუდოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ინფორმირებული იყო, რომ პარლამენტი კანონს ცვლიდა და მათ შორის, როგორც ჩანს, კომუნიკაციაც იყო. ახლა გზაში გვაწევენ ამ პროექტს, რაც ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია, რადგანაც პროცესი დაწყებულია, გასაუბრება თითქმის ბოლოშია გასული და თან აშკარაა, რომ მათ შორის არის შეთანხმება.
სხვა შემთხვევაში, ჩემთვის გაუგებარია საბჭომ რატომ შეაჩერა გასაუბრების პროცესი და რატომ მოუკლო ტემპს. ასეთი გზაში დაწეული, ერთმანეთზე მორგებული პროექტები და პოლიტიკა სასამართლო სისტემის და პარლამენტის, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე კი არ მიანიშნებს, პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი ერთმანეთის ინტერესებს ითვალისწინებენ. მარტო გასაუბრების პრაქტიკა რომ აიღოთ, როგორი ინტენსიური იყო გასაუბრება დეკემბერში და როგორ შემცირდა მერე, ამას აქვს ერთადერთი ახსნა, რომ პარლამენტი მუშაობდა ახალ კანონპროექტზე და როგორც ჩანს, ეს მუშავდებოდა საბჭოს სხვა წევრებთან ერთად, მე რაზეც ინფორმაცია არ მქონია. ამიტომ ეს მიუთითებს, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, რომ ამ ყველაფრის ორგანიზება ხდებოდა ჩუმად.
ცვლილებების მიხედვით, იქნება ღია კენჭისყრა, ანუ საჯარო ხდება ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რომელმა წევრმა რომელი კანდიდატი რა კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით შეაფასა, რატომ გახდა საჭირო ასეთი საჯაროობა?
– მე ვარ ღიაობის მომხრე. მინდა გითხრათ, ამით რა იცვლება. საზოგადოებას ეცოდინება ვინ ვის დაუჭირა მხარი. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, თუ კლანური მმართველობა არ არის სასამართლოში, ამ შემთხვევაში ძალიან პროგრესულია, მაგრამ, როდესაც კანონი იწერება ისე, რომ კლანია სასამართლო სისტემაში და თან ამ პროექტით პარლამენტს გააზრებული აქვს, რომ ამით კლანურ მმართველობას ხელს კი არ შეუშლის და საძირკველს კი არ გამოაცლის ჩინჩალაძის ძალაუფლებას, არამედ ეს იქნება ფორმალური და ჩვენ ამით კიდევ ერთხელ მოგვატყუებენ.
რაც მთავარია, სასამართლოს განაჩენი ცხადდება საქვეყნოდ, ყველა განაჩენის და გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლე ყველასთვის არის ცნობილი. კითხვას ვსვამ რიტორიკულად – რომელიმე მოსამართლეს რომელიმე უკანონო გადაწყვეტილებაზე ან უსამართლო განაჩენზე, სადაც ძალინ სერიოზულად არღვევდა ადამიანის უფლებებს და ამაზე ყვიროდა მთელი სამოქალაქო საზოგადოება და ადამიანის უფლებათა დამცველები, მინიმუმ სირცხვილის განცდა, ან სინდისის ქენჯნა ჰქონიათ? პირიქით, ის მოსამართლეები ვინც ხელს აწერდნენ და მათი გვარები ყველასთვის კარგადაა ცნობილი, ისინი თავზე დაგვასვეს. საბოლოო ჯამში, გამოვიდა ისე, რომ მურუსიძე იყო მაშინდელი სისტემის ერთ-ერთი შემოქმედი და დღესაც ის არის ლიდერი, ამას ახსნა არ აქვს. მურუსიძეს არ რცხვენია ხელის მოწერა გადაწყვეტილებაზე და ახლა მოსამართლის წარდგენის დასაბუთებაზე ხელის მოწერა რომ საბჭოს წევს რაიმე ანგარიშვალდებულების განცდას გაუჩენს, ეს არის წარმოუდგენელი, ასეთი რამ არ მოხდება.
წყარო: for.ge