„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი პროკურატურის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ეხმაურება და აცხადებს, რომ გამოძიების დახურვა ამ საქმის გარშემო არსებულ კრიზისს გაამწვავებს.
სამადაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად დახუროს საქმე.
“ამაზე საზოგადოებას ექნება ძალიან მწვავე რეაქცია. საზოგადოებამ თავიდანვე უნდობლობა გამოუცხადა საგამოძიებო პროცესს, რომელსაც წარმართავს ხელისუფლება. სწორედ ამიტომ და ასევე, მაჩალიკაშვილის ოჯახის თხოვნით, ჩვენ წარვადგინეთ ინიციატივა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. გამოძიების დახურვა, რომელსაც ისედაც არანაირი ნდობა არ ჰქონდა და ის დასკვნა, რაც ვნახეთ, მხოლოდ გაამწვავებს ამ კრიზისს. დარწმუნებული ვარ, მაჩალიკაშვილის ოჯახი ღრმად შეურცხყოფილია იმ დასკვნით, რაც პროკურატურამ დადო,”- განაცხადა სამადაშვილმა.