თუ არ გვინდა მესამე ტალღაში შევიდეთ და განმეორდეს ნოემბერი და დეკემბერი, უნდა დავიცვათ რეკომენდაციები

ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მოქმედი რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესდა, ბოლო კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელმა 2%-ს გადააჭარბა, გაიზარდა კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობაც. მისი თქმით, საზოგადოებამ არსებული გამოცდილება უნდა გამოიყენოს და ვითარების შემდგომი გაუარესების თავიდან ასაცილებლად ყველაფერი გააკეთოს.

„ამისთვის მთავარია მაქსიმალურად ავწიოთ პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც ჩამოვარდნილი იყო 75%-დან, რაც იანვარში გვქონდა, 43%-ზე. ბოლო მონაცემებით გვაქვს 51%. ანუ, ადამიანებს რომ ვეუბნებით, რომ აუცილებელია ყველამ ყველგან ვატაროთ პირბადე, ეს გარკვეულ შედეგს გვაძლევს, მაგრამ ცოტაა ეს. უნდა ავიდეთ სულ მცირე 75-80, საუკეთესო შემთხვევაში 90%-ზე, რომ ვიყოთ შედარებით მშვიდად“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია დისტანციისა და პირადი ჰიგიენის დაცვა. გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის რამდენიმე რეგიონში კლასტერების გაჩენას წინ ხალხმრავალი შეკრებები – ქელეხები და ქორწილები უძღოდა და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა თავი შეიკავონ მსგავსი ღონისძიებებისგან.

„ეს ისედაც დადგენილებით შეზღუდულია, მაგრამ მოსახლეობა, სამწუხაროდ, არ დაჰყვება ამ შეზღუდვებს. როგორმე გავითავისოთ, რომ თუ არ გვინდა მესამე ტალღაში შევიდეთ და განმეორდეს ნოემბერი და დეკემბერი ქვეყანაში, უნდა დავიცვათ ეს რეკომენდაციები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 284 061 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 275 024, გარდაიცვალა 3 822 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.

 

“იმედინიუსი”