„ყველაზე სუფთა ქალაქის“ სტატუსი ზუგდიდმა მოიპოვა

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ყველაზე სუფთა ქალაქის და მუნიციპალიტეტის ტიტულები ზუგდიდმა მოიპოვა.

ზუგდიდსავე ხვდა ყველაზე სუფთა სოფლის ნომინაციაში გამარჯვებაც, სადაც სოფელმა ორსანტიამ გაიმარჯვა. კონკურსი „სუფთა რეგიონი“ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ორგანიზებით ჩატარდა.

ზუგდიდის მერიის ცნობით, კონკურსის მონაწილეებმა ორგანიზატორებს საკონკურსო პერიოდში ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები წარუდგინეს.

2019 წლის ნომინაციების გამარჯვებულები, კონკურსის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები), შემოსული მასალების საფუძველზე გამოავლინა.

კონკურსი ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.