საპროკურორო საბჭოში გრძელდება კანდიდატთა მოსმენა

საპროკურორო საბჭომ  გენერალური პროკურორობის კიდევ ორ კანდიდატს მოუსმინა.

რაულ გამისონიამ და მერაბ გამყრელიძემ სამუშაო გამოცდილებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ორივე კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა იმ რეფორმაზე, რომელმაც, მათივე თქმით, პროკურატურის სანდოობა უნდა გაზარდოს. დღევანდელ გასაუბრებას ოპოზიციის წარმომადგენელი, ოთარ კახიძე ისევ არ დასწრებია. ის პროცესს უნდობლობას უცხადებს.

გენერალური პროკურორობის მსურველი სულ 16 კანდიდატია, აქედან ორს საბჭომ გუშინ მოუსმინა. გასაუბრების შემდეგ საპროკურორო საბჭო საუკეთესო კანდიდატურას გამოავლენს, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება. ხვალ საბჭოს წევრები ვალერიან ვაჭარაძეს და დავით ზირაქაშვილს მოუსმენენ.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.