ოქრუაშვილისა და ადეიშვილის გარეშე ეს არ იქნებოდა – სოსო რობაქიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. როგორც სოსო რობაქიძემ განაცხადა, მას აქვს 2012 წლის ჩვენება, რომელშიც ზურა მიქაძე ხელს ოქრუაშვილს ადებს.

,,ოქრუაშვილისა და ადეიშვილის გარეშე ეს არ იქნებოდა. მე მაქვს 2012 წლის ჩვენება მიქაძის, სადაც ოქრუაშვილის პირდაპირ ადებს ხელს. ეს იყო 8 წლის წინ. ჩვენებს ვინ აძლევს ჯერჯერობით მეც არ ვიცი. სასამართლოში იმიტომ მოვედი, რომ გავიგო ვინ არიან ეს მოწმეები. მე ერთი რამ ვიცი, პატრული ოქრუაშვილმა შექმნა და მის ღირსებას თავიდან ბოლომდე დაიცავდა. იმიტომ, რომ ნაცები ბოლშევიკები იყვნენ.

ამ ქვეყანაში მკვლელს ვერ იპოვი. არადა 160 ბიჭია მოკლული. თან კლავდა, თან აყალბებდა. პოლიციაში ბაშალეიშვილი, რომელმაც ჩემი შვილი მოკლა ორი წლის შემდეგ დააკავეს. მკვლელი პოლიციელი პოლიციაში იყო. კაცს, რომელსაც ტაბელური იარღი ჰქონდა და მის სახელზე იყო გაფორმებული ორი წელი მოუნდნენ მის დაკავებას. რა თქმა უნდა, ეს ქვემოდან არ იყო. ყველაფერი იმართებოდს ზემოდან.

სანამ პირში სული მიდგას, ვერ მობრუნდებიან ეგენი, მთელი საქართველო დადგება ფეხზე. ღმერთმა დაიფაროს, თორე არ ვმალავ და პირდაპირ ვიძახი – სამოქალაქო ომის წინაშე დადგება ქვეყანა. სულ რომ გაიწიოს „ოცნება”, ჩვენ არ გავიწევით. ჩვენ ვართ მაგათი კედელი, არ არის ბიძინა ივანიშვილი მაგათი კედელი და ივანიშვილმა ის დაპირებული უნდა შეასრულოს. 12 წლის შემდეგ რატომო, ხანდაზმულობა საქმეს 15 წელი ჰქონდა და უნდა მე-14 წელს დაიჭერენ ეს “დურაკი იურისტები” და უნდა… ხანდაზმულობა მანამ არ გავა, ნებისმიერ დროს შეიძლება ადამიანის დაპატიმრება. თუ გამართლდება ეს კაცი, თუ შევხედავ, რომ რამე არის შეთითხნილი, მე თვითონ წავალ მაგის წინააღმდეგ, მე ტყუილად ციხეში არავის ვსვამ“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

გასული წლის ნოემბერში ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს ირაკლი წერეთელს წარედგინა. ამავე საქმეზე, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრსა ირაკლი ოქრუაშვილსა და ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს ბრალი 19 ნოემბერს წარუდგინეს.

ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. ბუტა რობაქიძე თბილისში, აკ. წერეთლის გამზირზე 2004 წლის 24 ნოემბერს მოკლეს.

ექსპერტიზით დადგინდა, რომ მომხდართან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეოჩანაწერი დამონტაჟებულია და მასზე 36 წყვეტა ფიქსირდება, რაც ბრალდების პოზიციას ამყარებს. ვიდეოკადრების გაყალბების ერთ-ერთ სავარაუდო ავტორად გურამ დონაძე სახელდება.

სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნები დავით იაშვილი, გურამ დონაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და ზაზა ბაქრაძე დამნაშავედ ცნო.