საქართველოში პროგრამა FactChat–ი შეიქმნა, რომლის მიზანიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესის დაჩქარებაა.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე იმუნიზაციის პროცესში მედპერსონალი ჩაერთო, თუმცა, ვაქცინის გაკეთების მსურველი არცთუ ბევრი ადამიანი აღმოჩნდა. კორონავირუსის ვაქცინისადმი საზოგადოების უნდობლობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ახალციხეში 27 წლის მედდა გარდაიცვალა. ექიმების ვერსიით, აცრიდან 30 წუთში მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ამიტომაც ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 11 ათასზე მეტ ადამიანს აქვს გაკეთებული, რაც, სპეციალისტების აზრით, საკმარისი არაა. საჭირო ეფექტის – კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად დღეში დაახლოებით 3 ათასი ადამიანის აცრაა საჭირო, ამ დროისთვის კი ეს მაჩვენებელი 1 ათასზე ოდნავ მეტია.
„დეზინფორმაცია ვირუსივით ვრცელდება, ხოლო როცა ვაქცინის შესახებ ტყუილი ვრცელდება, ვრცელდება თავად ვირუსიც“, – მიაჩნია საქართველოს რეფორმების ასოციაციას, რომელიც ინოვაციური პროექტ Factcheck.ge-ის ავტორია.
Factcheck.ge-მ დაიწყო კამპანია #შეაჩერეგავრცელება, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ჩატ–ბოტი FactChat–ი. ბოტის მიზანია, მარტივად მიაწოდოს მომხმარებელს სანდო, გადამოწმებული ინფორმაცია და თავადაც ასწავლოს, როგორ ამოიცნოს პროპაგანდა თუ ყალბი ისტორია.
პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კორონავირუსისა და კოვიდ–ვაქცინის ირგვლივ გავრცელებულ დეზინფორმაციას. აქ ერთად არის თავმოყრილი ყველა სასარგებლო ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ და ყველაზე გავრცელებულ მითები ვაქცინის შესახებ.
FactChat–ი საგანმანათლებლო ფუნქციასაც ითავსებს – სახალისო ფორმატში სხვადასხვა აუდიო-ვიზუალური მასალის გამოყენებით მომხმარებლებს აცნობს მეთოდებს, რომლებიც ყალბი ინფორმაციების გავრცელებისთვის გამოიყენება. ამასთან, მომხმარებელს ასწავლიან როგორ არ უნდა მოტყუვდნენ.
„მოსახლეობის მუდმივად ობიექტური ინფორმირებულობა დეზინფორმაციის მიმართ იმუნიტეტს ზრდის. გვსურს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია ამ თემაზე, რათა ქართული საზოგადოება გახდეს უფრო იმუნური და შეცდომაში არ შეიყვანოს იმ პროპაგანდისტულმა გზავნილებმა, რომლებსაც ასე აქტიურად ავრცელებენ ჩვენი მოწინააღმდეგეები.“ – აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.
Factcheck.ge-ის გუნდი ასევე ეძებს და ამოწმებს სოციალურ ქსელებში (Facebook & Instagram) გავრცელებულ ყალბ ამბებს.
Factcheck.ge საერთაშორისო ქსელის (International Fact-Checking Network – IFCN) წევრი და Facebook-ის პარტნიორია.
იმისთვის, რომ ყალბი ამბის გავრცელება შეაჩეროს, მომხმარებელს შეუძლია ბმული ბოტს გაუგზავნოს. Factcheck.ge-ის გუნდი შეამოწმებს ბმულს და შეგატყობინებთ სანდოა თუ არა ინფორმაცია
“სპუტნიკი”