პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მოლაპარაკებების განახლების პერსპექტივაზე საუბრობს.
როგორც მმართველი პარტიის წევრმა მედიას განუცხადა, როცა საკითხი ქვეყნის ინტერესებს ეხება, თანამშრომლობა ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტთან უნდა შედგეს.
„ნებისმიერ პარტიასთან უნდა ითანამშრომლო, „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“ კი, როდესაც ის სახელმწიფო პოზიციაზე დგას. როდესაც ხედავს, რომ ამ ურთულეს პერიოდში ქვეყანას გადარჩენა და სამშვიდობოზე გასვლა სჭირდება და არ ცდილობს, რომ დესტაბილიზაცია იყოს მთავარი მისი პოლიტიკური რესურსი“, – აცხადებს ვოლსკი.
შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა. მიუხედავად ამისა, მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა, თუმცა მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები ისევ უშედეგოდ დასრულდა.