დღეს საქართველოში საწვავი ერთბაშად, 5 თეთრით, გაძვირდა და “პრემიუმის” ფასმა 2.68 ლარიდან 2.73 ლარს მიაღწია. ბოლო წლებში საწვავის ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 2.71 ლარი იყო.
ნავთობი და საწვავი პროპორციულად ძვირდება. საქართველოში ბოლო სამ თვეში საწვავი 65 თეთრით გაძვირდა. ქვეყანაში საწვავის 3 ლარამდე გაძვირებასაც ელიან.
2017 წელს 1 ტონა ბენზინის ტიპის საწვავზე აქციზი – 250 ლარიდან 500 ლარამდე, დიზელის კი 150 ლარიდან 400 ლარამდე გაიზარდა, რაც ნავთობიმპორტიორების თქმით, ერთ ლიტრ საწვავს, დაახლოებით, 20 თეთრით აძვირებს. იმის გამო, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე ბენზინის ტიპის საწვავი 60-65 თეთრით გაძვირდა და ტენდენცია კვლავ მზარდია, როგორც ნავთობიმპორტიორები, ისე ცალკეული კომპანიები ფასების კლების ერთადერთ რესურსად აქციზის განაკვეთის შემცირებას განიხილავენ. მათი თქმით, აქციზის შემცირება საწვავს 20 თეთრით გააიაფებს, თუმცა, საბიუჯეტი შემოსავლების შემცირების გამო, სპეციალისტების ნაწილს ის გაუმართლებლად მიაჩნია.