ევროკავშირი არასდროს გიკარნახებთ, უნდა ჩაატაროთ თუ არა ვადამდელი არჩევნები

მარინა კალიურანდი – ევროკავშირი არასდროს გიკარნახებთ, უნდა ჩაატაროთ თუ არა ვადამდელი არჩევნები, ეს თქვენი პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტია.

ევროკავშირი, ჩვენ არასდროს გიკარნახებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, არასდროს გეტყვით, უნდა ჩაატაროთ თუ არა ვადამდელი არჩევნები, ეს თქვენი პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ვირტუალური მრგვალი მაგიდის, სახელწოდებით: „ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოს შესახებ: ღია დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან“ მიმდინარეობისას განაცხადა, რითაც მან ნიკა მელიას შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. “კომპრომისი თქვენმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა გამოძებნოს და ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ კომპრომისს, თუ მას ყველა პოლიტიკური პარტია დაუჭერს მხარს. ჩვენ არ შეგვიძლია გამოსავალი შემოგთავაზოთ, გამოსავალი თქვენმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა გამონახოს“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მან ოპოზიციის პარლამენტიდან მუშაობის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტს ძლიერი, ხმამაღალი ოპოზიცია სჭირდება, რადგან მხოლოდ ესაა გზა დემოკრატიული რეფორმებისა და განვითარებისკენ.

„სამწუხაროდ, ვერ ჩამოვედით, რომ არჩევნებს დავკვირვებოდით. სამწუხაროდ, ევროპარლამენტარები ოფიციალურ ვიზიტებს ვერ ახორციელებენ – საქართველოს ვიოლა ფონ კრამონი ეწვია, თუმცა ეს პირადი ვიზიტი იყო. ჯერჯერობით ვერ ჩამოვდივართ და ამიტომაა, რომ პატივს ვცემთ და ვაღიარებთ „ოდირის“ გადაწყვეტილებებს. „ოდირი“ კი ძალიან მკაფიო იყო: არჩევნებს პრობლემები ახასიათებდა, თუმცა საერთო ჯამში, ისინი სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარდა და წერტილი. ქართველმა ხალხმა გამოხატეს ნება, მათ მისცეს მანდატი ქართველ პოლიტიკოსებს და ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა პოლიტიკოსმა მანდატი არ მიიღო. თუ გსურს რაიმეს შეცვლა და ქვეყანაში რეფორმების გატარება, პარლამენტში უნდა იყო – პარლამენტს ძლიერი, ხმამაღალი ოპოზიცია სჭირდება. მხოლოდ ესაა გზა დემოკრატიული რეფორმებისა და განვითარებისკენ“ – აღნიშნა კალიურანდმა.

წყარო: itv.ge