რა ასაკიდან მივცეთ ბავშვს ქათმის ხორცი და როგორ ავარჩიოთ სანდო პროდუქცია!?

პედიატრების აზრით, 8 თვის ბავშვების კვების რაციონში აუცილებლად უნდა შევიდეს ხორცი, რადგან ცილის, ვიტამინ B12-ის, ამინომჟავების, ადვილად ასათვისებელი რკინის და კოლაგენის გარეშე, რომლითაც მდიდარია ხორცი, შეუძლებელია მზარდი ორგანიზმის ნორმალური განვითარება

.თუ ბავშვის რაციონში საერთოდ არ იქნება ხორცი, ამან შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხება, არამედ ანემია, იმუნიტეტის დაქვეითება და ნერვული სისტემის დარღვევა.
ჩვილი ბავშვის რაციონში თავდაპირველად უცხიმო საქონლის ხორცი, ან ქათმის თეთრი ხორცი უნდა შეიტანოთ. ქათმის მკერდი ძროხის ხორცთან შედარებით ბევრად უფრო ადვილი მოსანელებელია და არაფრით ჩამოუვარდება.

მას ცილების, ვიტამინებისა და ამინომჟავების შემცველობით.
მნიშვნელოვანია, რომ ხორცი არ იყოს პირველი დამატებითი საკვები. პატარას ჯერ უნდა მისცეთ ბოსტნეული, ხილის პიურეები და ფაფები. ორი თვის შემდეგ კი რაციონში ხორცი უნდა შემოიტანოთ. თუ ბავშვს 6 თვის ასაკიდან მიეცით დამატებითი საკვები (სუპი, ბოსტნეულის პიურეები, ხილფაფა, ბურღული), მაშინ ხორცი 8 თვიდან უნდა დააწყებინოთ. ქათმის ხორცი დიეტური პროდუქტია, მას ნაზი ხორცი აქვს და ადვილად მოსანელებელია.

პირველ რიგში, უნდა დარწმუნდეთ, რომ ქათმის ხორცი ახალი და მაღალი ხარისხისაა. მოხარშული ქათმის მკერდის ხორცი ერთგვაროვან მასად უნდა აქციოთ. ამისთვის, ის ჯერ კარგად უნდა მოხარშოთ, დააბლენდეროთ და შეურიოთ ბავშვის რძეს. პიურე ბავშვს აუცილებლად თბილი უნდა მისცეთ. პირველ დღეს
მიეცით 1 ჩ/კოვზის ოდენობა, დღის პირველ ნახევარში და დააკვირდით ორგანიზმის რეაქციას.
მოგვიანებით, შეგიძლიათ ხორცის პიურეს ბოსტნეულიც შეურიოთ. წესით, ეს მესამე კვება უნდა იყოს დღის მანძილზე. ხორცის დოზა ნელ-ნელა გაზარდეთ. ყოველდღე 1 ჩ/კოვზი დაამატეთ. არ არის რეკომენდებული ხორცის პიურეს მაცივარში შენახვა. ის მომზადებისთანავე უნდა მისცეთ ბავშვს. როცა პატარა გემოს მიეჩვევა, დაუმატეთ ხორცი სუპებშიც.

8 თვიდან, ბავშვმა ხორცის პორცია კვირაში 5 დღე უნდა მიიღოს. დანარჩენ ორ დღეს მიეცით თევზის ხორცი. 10 თვიდან დაიწყეთ „ფრიკადელკების“ მომზადება, რომ ბავშვმა ისწავლოს ღეჭვა.

ნუ აურევთ რამდენიმე სორტის ხორცს ერთმანეთში, სანამ ბავშვი არ შეეჩვევა ხორცის სახეობებს ცალ-ცალკე.
ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, განსაზღვრეთ ხორცის რაოდენობა, რომელიც მან დღეში უნდა მიიღოს:

6 – 7 თვე – 5 – 20 გრამი;
8 – 9 თვე – 50 გრამამდე;
10 თვე – 2 წელი – 50-დან 80 გრამამდე;
3 წელი – 80-დან 90 გრამამდე;
4 – 6 წლის – 100-დან 110 გრამამდე;
7 – 9 წლის – 110-დან 140 გრამამდე;
10 – 13 წლის – 140-დან 170 გრამამდე;
14 – 17 წლის – 200-დან 220 გრამამდე.

როგორ უნდა განსაზღვროთ, რამდენად ახალია ქათმის ხორცი მაღაზიაში? რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ყიდვისას? როგორი უნდა იყოს იდეალური ქათამი და როგორ უნდა შეინახოთ იოს სახლში.

რჩევა # 1: ყურადღება ვიზუალს
ყურადღება მიაქციეთ ქათმის ვიზუალს. სწორ კარკასს უნდა ჰქონდეს მომრგვალებული მკერდი, ყელის ძვალი არ უნდა იყოს გამოვარდნილი ცალკე. ახალგაზრდა ქათამს რბილი მკერდი აქვს, ხოლო ხანდაზმულს – მყარი.
მნიშვნელოვანია, რომ მკერდი არ იყოს ძალიან გაბერილი და გამოვარდნილი კიდურებიდან, პროპორციულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ ქათამი ჰორმონებზე გაიზარდა. ქათამი კარგად უნდა იყოს გასუფთავებული შიგნეულისაგან.
კარგი ხარისხის ფრინველს არ უნდა ჰქონდეს ზედაპირული დეფექტები: ძვლის მოტეხილობა, ჰემატომა, ნაკაწრები, თრომბები, სილურჯე.

რჩევა # 2: დააჭირეთ თითი ხორცს
ახალმა ქათამმა ფორმა უნდა შეინარჩუნოს. ამის შესამოწმებლად, თითით მსუბუქად დააწექით ხორცს. რბილ ადგილზე დაჭერისას, ახალმა ხორცმა სწრაფად უნდა აღადგინოს ფორმა. თუ დარჩება ღრუ, მაშინ უმჯობესია არ შეიძინოთ ეს ხორცი.

რჩევა # 3: ყურადღება მიაქციეთ ფერს
ქათმის ხორცის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის ფერს. ყველაზე გემრიელი ახალგაზრდა ქათმის ხორცია. ის ჩვეულებრივ ღია ვარდისფერი ფერისაა. მათი კანი რბილი და თეთრია, ცხიმი კი ღია ყვითელი. მცირე ქერცლი ჩანს ფეხებზე. მოზრდილ ქათამში კანი ცხიმიანი და სქელია, მოყვითალო შეფერილობით.

რჩევა # 4: დაყნოსეთ
სასურველია ხორცი დაყნოსოთ, შეგიძლიათ გააკეთოთ ეს პირდაპირ მაღაზიაში. ახალ ქათამს არ უნდა ჰქონდეს მჟავე, გაფუჭებული სუნი და არ უნდა იყოს ნესტიანი. ხორცს სასიამოვნო სუნი უნდა ჰქონდეს და ეჭვს არ იწვევს.

წყარო: mshoblebi.ge