ევროპის მედიკამენტების სააგენტო (EMA) მომავალ კვირაში დაიწყებს კოვიდ-19-ის რუსული ვაქცინის “სპუტნიკ-ვის” ეფექტურობის და უსაფრთხოების შესწავლას. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა “ფაინენშალ თაიმსი” აქვეყნებს, რომელიც კრემლის ოფიციალური წარმომადგენლის, კირილ დიმიტრიევის ნათქვამს ეყრდნობა.
გაზეთი ევროკავშირის მარეგულირებლის რამდენიმე ანონიმური წარმომადგენლის გამონათქვამსაც აქვეყნებს, რომლებიც შეშფოთებას გამოთქვამენ რუსული ვაქცინის განხილვის ეთიკურ მხარეზე. კირილ დმიტრიევი კი აცხადებს, რომ ბლოკის მარეგულირებელზე “ზეწოლას [ვაქცინის განხილვის მიზნით] ადგილი არ ჰქონია და “სპუტნიკ-ვი” ემზადება რუსეთში და მთელ მსოფლიოში კოვიდ-19-თან საბრძოლველად”.
რუსეთი ახლა საკუთარი ვაქცინის აგრესიულ რეკლამირებას ეწევა. თუ ევროპის მედიკამენტების სააგენტომ რუსული ვაქცინა დაამტკიცა, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ კლინიკურ გამოცდებში რუსმა მეცნიერებმა ვაქცინის გამოცდის დროს, დაიცვეს ე.წ. კარგი კლინიკური პრაქტიკით (GCP-Good clinical practice) გათვალისწინებული საერთაშორისო სტანდარტები.
ევროკავშირის წარმომადგენლებმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადეს, რომ არც განხილვა და არც დამტკიცება არ ნიშნავს იმას, რომ ბლოკი “სპუტნიკ-ვის” შეისყიდის. თუმცა, თუ ევროკავშირის მარეგულირებელმა ის ეფექტურად და უსაფრთხოდ ჩათვალა, ეს საერთაშორისო ბაზარზე რუსული ვაქცინის რეპუტაციას უდავოდ გაზრდის.
მეორეს მხრივ, რუსული ვაქცინა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ ევროპაში დამტკიცებამდეც შეიძინა და გამოიყენა. ესენია: უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩრდილოეთ მაკედონია.
წყარო – ამერიკის ხმა