რუსეთის პრესმდივანის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვი ხედავს, რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ომის განახლების საფრთხეა. ამის შესახებ დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„კრემლში შიშობენ, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომის განახლების საფრთხე არსებობს. ჩვენს საზღვრებთან სამოქალაქო ომი, სრულფასოვანი საბრძოლო მოქმედებები თუ განახლდება, ეს საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა პესკოვმა.
მისივე მტკიცებით, დინამიკა აჩვენებს, რომ არსებობს სრულფასოვანი საბრძოლო მოქმედებების განახლების საფრთხე. პესკოვის თქმით, ახლა დონბასში საგანგებო არასტაბილური მდგომარეობაა.
„საბრძოლო მოქმედებების განახლების და ადამიანური კატასტროფის განმეორების შემთხვევაში, რომელიც სრებრენიცას დაემსგავსება, რაზეც უკვე ილაპარაკა რუსთის პრეზიდენტმა, მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა გვერდზე არ გადგება. ყველა ქვეყანა, მათ შორის რუსეთიც მიიღებს ზომებს, რომ ასეთი ტრაგედია არ განმეორდეს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
მან აღნიშნა, რომ დონბასში დისლოცირებული სამხედრო დანაყოფების უკონტროლო ქმედებებით, სრებრენიცას მსგავსი მოვლენების განმეორების საფრთხე არსებობს. პესკოვის თქმით, ასეთ ვითარებაში რუსეთის ვალდებულებაა, დაიცვას საკუთარი ინტერესები და უსაფრთხოება.
„რუსეთს აქვს უფლება, მიიღოს ნებისმიერი ზომა თავისი კანონიერი ინტერესებისა და უსაფრთხოების დასაცავად“, – განაცხადა პესკოვმა.