რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებამ შეიძლება გამოიწვიოს მასშტაბური ესკალაცია უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ჩვენ მივაქციეთ ყურადღება დონბასში მყოფი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება თითქოსდა დაასრულებს კონფლიქტს რეგიონში. კიევის მოლოდინის მიუხედავად, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ქვეყანას მშვიდობას არ მოუტანს, პირიქით – ეს მოიტანს მასშტაბურ ესკალაციას ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი შედეგები უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზა ნატო-ს წევრობაა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ნატო-სთან ურთიერთობებში ყველაზე აქტუალური საკითხი ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმის მიცემის შესაძლებლობაა.