გრიბოედოვის ძეგლი გადაღებეს და კაციშვილს არავინ დაუჯარიმებია და მე ვანდალიზმისთვის დამაჯარიმეს – გია გაჩეჩილაძე

„ჩემთან თანამშრომლობს „ქართული ოცნება” თუ „ნაციონალურ მოძრაობასთან?“, – ამ სიტყვებით უპასუხა გია გაჩეჩილაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე  ჟურნალისტის კითხვას, თანამშრომლობს თუ არა ის „ქართულ ოცნებასთან”.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ის ბერლინის კედელზე „სიყვარულის“ დაწერის გამო დააჯარიმა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გრიბოედოვის ძეგლის დაზიანების გამო არ დაუჯარიმებია, რაც ნათლად აჩვენებს, რეალურად ვინ ვისთან თანამშრომლობს.

„ადამიანი „შიზოფრენიკი“ უნდა იყო, რომ ვერ ხვდებოდე. დამაჯარიმეს ვანდალიზმისთვის. გრიბოედოვის ძეგლი გადაღებეს, რაღაც უშვერი სიტყვები ეწერა და კაციშვილს არავინ არ დაუჯარიმებია და ჩემთან თანამშრომლობს „ქართული ოცნება” თუ „ნაციონალურ მოძრაობასთან?“ რაზე მეტყველებს ეს? ბერლინის კედელზე დავწერე ღმერთი სიყვარულია. სიყვარული დავწერე და მაჯარიმებენ და იმათმა რაები აკეთეს, ყველამ იცის და არაფერი გაუკეთებიათ”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის მერია გია გაჩეჩილაძეს ევროპის მოედანზე მდგარ ბერლინის კედლის ფრაგმენტზე გაკეთებული წარწერის გამო დააჯარიმებს. როგორც მერიაში განმარტავენ, ბერლინის კედლის ფრაგმენტზე წარწერის გაკეთება კანონდარღვევაა.

ანტიოპოზიციურ აქციაზე უცნობმა ბერლინის კედლის ფრაგმენტზე წარწერა დააწერა: „ღმერთი სიყვარული არს“.

15 მარტს, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ „მარადისობის დღის“ დაფუძნება და ოპოზიციის წინააღმდეგ 9 აპრილს ხალხის გამოყვანა დააანონსა. უცნობის თქმით, ეს არის მდუმარე შეკრება, რომელზეც ოპოზიციის გამოსვლების მოწინააღმდეგე ხალხი გამოდის.